მექსიკაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

15 ივლისს მექსიკის ქალაქ ლოს მოჩისთან (სინალოა) ქვეყნის საზღვაო ძალების ვერტმფრენი Black Hawk ჩამოვარდა, რომელშიც 15 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ პარასკევს Animal Politico იუწყება.

უბედურ შემთხვევას 14 ადამიანი ემსხვერპლა. ბორტზე მყოფი ერთი ადამიანი გადარჩა და მძიმე დაზიანებებით ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმაც დაადასტურა.

"ძალიან ვწუხვარ მექსიკის საზღვაო ძალების 14 წევრის დაღუპვის გამო და იმედი მაქვს, რომ მძიმედ დაშავებული ოფიცერი გამოჯანმრთელდება", - დაწერა მან ტვიტერზე.

ობრადორმა აღნიშნა, რომ კატასტროფის მიზეზი გამოძიების ფარგლებში დადგინდება. მისივე თქმით, ვერტმფრენი დაშვების მცდელობისას ჩამოვარდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვერტმფრენი "დაკავების ორდერის შემსრულებლების მხარდასაჭერი მისიის დასრულების შემდეგ" ბრუნდებოდა, როდესაც ეჭვმიტანილი ნარკორეალიზატორი რაფაელ კარო კინტერო დააკავეს.

კინტერო 2013 წლიდან იმალებოდა და 2022 წლის ივლისში დააკავეს. შეერთებული შტატები მის ექსტრადიციას ითხოვს. გარდა ნარკორეალიზაციისა, დაკავებულს ბრალად ედება 1985 წელს აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს სპეციალური აგენტის მკვლელობა.

მსგავსი სიახლეები