დესანტისის თქმით, ნარკოკარტელებს დრონებით დაბომბავს
რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა თქვა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის გამოიყენებს "ნებისმიერ ძალას, რაც საჭირო იქნება" მექსიკური ნარკოკარტელების გასანადგურებლად.
ამ ინფორმაციას The Hill ავრცელებს.
ეს განცხადება მან აიოვაში, წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე დასმული კითხვის შემდეგ გააკეთა, სადაც მას ჰკითხეს, განიხილავდა თუ არა უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმებს მექსიკის ტერიტორიაზე.
"ჩვენ შევებრძოლებით ნარკოკარტელებს. ჩვენ აბსოლუტურად ვიტოვებთ უფლებას. თუ ისინი იჭრებიან ჩვენს ქვეყანაში და კლავენ ჩვენს ხალხს, ჩვენც გვაქვს უფლება დავიცვათ ეს ქვეყანა," - თქვა დესანტისმა.
"ჩვენ გვაქვს უფლება მათ პასუხი ვაგებინოთ და არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენს საზღვარს გადაკვეთენ. თუ მექსიკა ამაში არ დაგვეხმარება, მაშინ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია," - განაგრძო მან.
ამერიკის სამხრეთ საზღვარი, რესპუბლიკური პარტიის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.
ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თავის თავდაცვის მდივანს მექსიკაში სარაკეტო დარტყმების განხორციელებას და "საბრძოლო გეგმების" შედგენას სთხოვს.
დესანტისმა თქვა, რომ კარტელები ყოველწლიურად "ათიათასობით ამერიკელს კლავენ" და ისინი ტერორისტულ ორგანიზაციას შეადარა.
დესანტისი აშშ-ში ზედოზირებით სიკვდილიანობას კარტელებს აბრალებს, რომლებსაც ფენტანილი და სხვა მომაკვდინებელი ოპიოიდები შეაქვთ ამერიკაში.
2021 წელს ზედოზირებით 100 000-ზე მეტი ამერიკელი გარდაიცვალა.