მერკელმა აღიარა, რომ პუტინზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლო

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი ვეღარ ხედავდა შესაძლებლობას გავლენა მოეხდინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე. გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი ხელმძღვანელის სიტყვებს 24 ნოემბერს, ჟურნალი Der Spiegel ავრცელებს.

როგორც მერკელმა აღნიშნა, 2021 წლის ზაფხულში, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ, მას საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან ერთად სურდა ევროპის საბჭოში შეექმნა დამოუკიდებელი ევროპული ფორმატი რუსეთის სახელმწიფოს მეთაურთან დისკუსიისთვის.

მერკელის თქმით, ეს არაერთმა პოლიტიკოსმა გააპროტესტა და მას არ ჰქონდა ძალა დაეცვა თავისი აზრი, რადგან ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე ის გერმანიის კანცლერის პოსტს დატოვებდა. ყოფილი კანცლერის თქმით, ის კოლეგებთან გასაუბრებას ცდილობდა, მაგრამ მათ უპასუხეს, რომ ეს ამოცანა მათთვის ძალიან მასშტაბური იყო.

მისი თქმით, მან 2021 წლის აგვისტოში, მოსკოვში ვიზიტის დროს აშკარად იგრძნო, რომ "პოლიტიკურად მისი დრო გავიდა".  

"პუტინისთვის მხოლოდ ძალაა მნიშვნელოვანი. მან ლავროვიც თან წამოიყვანა ამ ბოლო შეხვედრაზე, მაგრამ ზოგადად ჩვენ უფრო ხშირად მარტო ვხვდებოდით", - აღნიშნა მერკელმა.

მანამდე მერკელმა განაცხადა, რომ არ ნანობს, რომ, როგორც გერმანიის მთავრობის მეთაურმა, გერმანიის ახალი ენერგეტიკული პოლიტიკის კონტექსტში იაფ რუსულ გაზზე დაყრდნობა გადაწყვიტა.

"ტრანსფორმაციის პერიოდში ცხადი იყო, რომ ჩვენ გვჭირდებოდა ბუნებრივი აირი, რათა ერთ დღეს, რა თქმა უნდა, მთლიანად გადავსულიყავით ნახშირორჟანგისგან თავისუფალ ენერგიის ფორმებზე", - თქვა მერკელმა 13 ოქტომბერს, გალუსტ გულბენიაკის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

მსგავსი სიახლეები