მერკელმა გაეროს ლტოლვილთა ჯილდო მიიღო

გერმანიის ყოფილ კანცლერს ანგელა მერკელს ლტოლვილების მიღებისას "ლიდერობის, გამბედაობისა და თანაგრძნობისთვის" გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ნანსენის პრემია მიენიჭა. ამის შესახებ სააგენტო AFP სამშაბათს, 4 ოქტომბერს იტყობინება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2015-2016 წლებში, სირიაში ომით გამოწვეული მიგრაციული კრიზისის პიკში, მერკელის ხელმძღვანელობით, გერმანიამ 1.2 მილიონზე მეტი ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი მიიღო. ჯილდოს გადაცემისას ასევე აღინიშნა მერკელის ძალისხმევა "სიცოცხლისუნარიანი გრძელვადიანი გადაწყვეტილებების" მოძებნაში მათთვის, ვინც "უსაფრთხოებას ეძებს".

"მილიონზე მეტ ლტოლვილს გადარჩენასა და გამოჯანმრთელებაში დაეხმარა, ანგელა მერკელმა გამოავლინა დიდი მორალური და პოლიტიკური გამბედაობა. ეს იყო ნამდვილი ლიდერობა კაცობრიობისთვის, მტკიცედ დგომა მათ წინააღმდეგ, ვინც შიშსა და დისკრიმინაციას ქადაგებდა", - თქვა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ.

"მან აჩვენა, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც პოლიტიკოსები ირჩევენ მოქმედების სწორ გზას, მუშაობენ მსოფლიოს პრობლემების გადაწყვეტის მოსაძებნად და მხოლოდ პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას არ ცდილობენ," - აღნიშნა მან.

ნანსენის პრემია, ყოველწლიურად გაიცემა, 1954 წელს გაეროს პირველი ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, ნორვეგიელი არქტიკული მკვლევარის და ჰუმანისტის ფრიტიოფ ნანსენის პატივსაცემად დაარსდა.

მერკელი ჯილდოს და 150 000 აშშ დოლარს 10 ოქტომბერს ჟენევაში ცერემონიაზე მიიღებს.

მსგავსი სიახლეები