მერცი მზად არის გერმანიის საზღვრის კონტროლის კანონპროექტი AfD-ს მხარდაჭერითაც კი მიიღოს
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) კანცლერობის კანდიდატმა ფრიდრიხ მერცმა 27 იანვარს პირობა დადო, რომ პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს სასაზღვრო კონტროლის აღდგენის შესახებ, თუნდაც მისი ულტრამემარჯვენეების მხარდაჭერით მიღება დასჭირდეს.
ამის შესახებ მან CDU-ს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მერცის თქმით, კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატების და მათი კოალიციის პარტნიორების, მწვანეების ბრალი იქნება, თუკი ამ კანონს ბუნდესტაგი ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ს მხარდაჭერით მიიღებს.
"ვერც სოციალ-დემოკრატები, ვერც მწვანეები და განსაკუთრებით, ვერც ალტერნატივა გერმანიისთვის ვერ გვიბრძანებს როგორი კანონები წარვადგინოთ ბუნდესტაგში. სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა და ლიბერალებმა უნდა აღკვეთონ იმ უმრავლესობის შექმნა, რომელიც არც ერთ ჩვენგანს არ სურს," - თქვა მან.
მერცის თქმით, ამჟამად გერმანიაში არის 40 ათასი თავშესაფრის მაძიებელი, რომელთა "დეპორტაციაც საჭიროა."
"ამ შაბათ-კვირას ადგილობრივმა პოლიტიკოსმა მითხრა, რომ ჩვენს ქალაქებსა და თემებში ნელი მოქმედების ბომბებია ჩართული," - თქვა მან.
მან აღნიშნა, რომ გერმანიიდან ავღანეთში მიგრანტების ბოლო დეპორტაციიდან ხუთი თვე გავიდა და შოლცი უმოქმედობაში დაადანაშაულა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბარბოკმა განაცხადა, რომ მერცის წინადადება აღადგინოს მუდმივი სასაზღვრო კონტროლი, შენგენის ზონაში ევროკავშირის უვიზო მიმოსვლასთან შეუსაბამოა და გერმანიის პასუხისმგებლობის ღალატია ევროპელი პარტნიორების წინაშე.
"თუ ჩვენ ამის გაკეთებას დავიწყებთ, ევროპა დაიშლება. ეს არა მხოლოდ ანტიევროპული იდეაა, არამედ მისი განხორციელება შეუძლებელია," - განაცხადა მან.
გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება და არალეგალური მიგრაციის საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია.
ის დღის წესრიგში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ბავარიაში 28 წლის ავღანელი სამზარეულოს დანით განზრახ თავს დაესხა საბავშვო ბაღის ჯგუფს პარკში. 1 წლის გერმანელი გამვლელი და მაროკოელი წარმოშობის ორი წლის ბიჭი გარდაიცვალენ, ხოლო ორი წლის სირიელი გოგონა დაიჭრა.
ეჭვმიტანილი, რომელსაც ძალადობის ისტორია ჰქონდა, ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა. ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მისი განაცხადი თავშესაფრის თაობაზე დახურული იყო და გერმანია დეკემბერში ნებაყოფლობით უნდა დაეტოვებინა, მაგრამ არ წასულა და მკურნალობდა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, მერცის ქრისტიან-დემოკრატები პირველ ადგილზე არიან 30%-იანი მხარდაჭერით, მათ მოსდევს ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის - 22%, შოლცის სოციალ-დემოკრატები - 15.5%, მწვანეები - 12.5%, პრო-რუსი პოლიტიკოსის, სარა ვაგენკნეხტის ალიანსი - 6%, თავისუფალი დემოკრატები - 4.5%.