MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთის დაზვერვა ბრიტანეთის ქუჩებში ქაოსის მოსაწყობად ემზადება
ბრიტანული კონტრდაზვერვის სამსახურის, MI5-ის ხელმძღვანელმა კენ მაკკალუმმა განაცხადა, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურებმა მიზნად დაისახეს "ქაოსის გამოწვევა ბრიტანეთისა და ევროპის ქუჩებში." მან აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ახლა ყველაზე რთული და მრავალფენიანი საფრთხის წინაშე დგას თავის ისტორიაში, ისეთი ქვეყნების ქმედებების გამო, როგორიცაა რუსეთი და ირანი.
MI5-ის ხელმძღვანელმა სამშაბათს ლონდონში კონტრტერორისტული ოპერაციების ცენტრის შეხვედრაზე ისაუბრა.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაიწყო, მაკკალუმის თქმით, ევროპიდან 750-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს, რომელთაგან ბევრი ჯაშუშია.
მისი თქმით, ამან შეასუსტა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების შესაძლებლობები, რომლებიც ახლა იძულებულნი არიან მიმართონ კრიმინალური წრეების წარმომადგენლებს და მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რათა ჩაიდინონ "დივერსია და მრავალი სხვა."
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს უარი არ უთქვამთ თავიანთ "მისიაზე შექმნან ქაოსი."
როგორც BBC-ის რუსული სამსახური აღნიშნავს, კონტრდაზვერვის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია რა სახის ქმედებებზე იყო საუბარი, მაგრამ ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა გაავრცელეს ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით ჩადენილი რამდენიმე სავარაუდო დივერსიისა და რამდენიმე შეთქმულების შესახებ. კერძოდ, ოქტომბრის დასაწყისში ლონდონში უკრაინელი ბიზნესმენების საკუთრებაში არსებული შენობის დაწვაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დაიწყო ლონდონში.
პროკურატურის ცნობით, ისინი რუსული ვაგნერის ბრძანებით მოქმედებდნენ. მსგავსი შემთხვევები დააფიქსირეს პოლონეთის, გერმანიის, ჩეხეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა. რუსეთის ხელისუფლება, როგორც წესი, უარყოფს ბრალდებებს დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში დივერსიის მოწყობის შესახებ და ამტკიცებს, რომ ლონდონი "ანტირუსული ისტერიის გაღვივებას" ცდილობს.
მაკკალუმის თქმით, ბრიტანულმა სადაზვერვო სამსახურებმა და პოლიციამ 2022 წლიდან ირანის მხარდაჭერით ორგანიზებული 20 შეთქმულების გამოვლენა მოახერხეს.