МИД: თუ აშშ კიევს შორი რადიუსის რაკეტებს გადასცემს წითელი ხაზებს გადაკვეთს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ თუ აშშ კიევს შორი რადიუსის რაკეტებს გადასცემს ეს წითელი ხაზების გადაკვეთა იქნება და აშშ-ს კონფლიქტის მხარედ გადააქცევს. 

ამის შესახებ МИД-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. 

"აშშ ამ ნაბიჯით გადაკვეთს წითელ ხაზებს და კონფლიქტის უშუალო მონაწილე გახდება. ვიტოვებთ უფლებას დავიცვათ ჩვენი ტერიტორია, ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებებით",- თქვა ზახაროვამ. 

МИД-ის მაღალჩინოსნის თქმით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღება მხოლოდ გააჭიანურებს კონფლიქტს, რომელიც რუსეთის მიერ დასახელებული მიზნების მიღწევით დასრულდება. 

კონტექსტი 

13 სექტემბერს Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინის მიერ აშშ-სგან მოთხოვნილი შეიარაღების სიაში შედიოდა ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრს აღწევს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კიევი ვაშინგტონისგან შორი მოქმედების რაკეტების გადაცემას ითხოვს, თუმცა წინა შემთხვევებში მათ აშშ-სგან უარი მიიღეს. 

გადაწყვეტილების არგუმენტირებისას ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი მიუთითებდა, რომ კონფლიქტის ესკალაციისა და რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების მაღალი რისკის გამო პრეზიდენტი არ არის მზად შეასრულოს უკრაინელი კოლეგების ეს კონკრეტული თხოვნა. 

მსგავსი სიახლეები