მიხაელ როთი: "ქართული ოცნება" საფრთხეს უქმნის კანდიდატის სტატუსს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინში შეხვდა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაელ როთს (სოციალ-დემოკრატები).
შეხვედრის შემდეგ მიხაელ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გადაღებული სელფი გამოაქვეყნა და მას მხარდაჭერა აღუთქვა:
"ქართული ოცნება საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას. სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპულ ლიდერს. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს ის კი არ უქმნის საფრთხეს, არამედ ქართული ოცნების მიერ საქართველოს ორბანიზაცია და იმპიჩმენტის მცდელობა", - წერს გერმანელი პოლიტიკოსი.
მიხაელ როთი ხშირად ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. 2023 წლის ივნისში ის თბილისშიც იყო ჩამოსული, სადაც ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობას.