მილი: ტანკები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ უკრაინის კონტრშეტევაში

შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ, უკრაინის მომავალი კონტრშეტევისთვის ტანკების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ CNN წერს.

ამერიკელი გენერლის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებს კონტრშეტევაში ტანკები გადამწყვეტი საცეცხლე ძალით უზრუნველყოფენ.

"ტანკები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თავდაცვისთვის, ასევე შეტევისთვის. თანამედროვე ტანკები, მათზე შესაბამისი წვრთნა, მათი გამოყენების უნარი იქნება ფუნდამენტური კომპონენტი უკრაინის წარმატებისთვის", - თქვა მილიმ.

მან აღნიშნა, რომ როდესაც კონტრშეტევა დაიწყება, ტანკები იმოქმედებენ არტილერიასთან, ქვეით და სხვა სახმელეთო ძალებთან ერთად.

ამასთან, მილიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ F-16-ის გამანადგურებლების მიწოდების საკითხი უკრაინის აღჭურვის გრძელვადიანი გეგმაა.

"ყველა აღიარებს, რომ უკრაინას სჭირდება მოდერნიზებული საჰაერო ძალები და ეს ყველამ იცის. ასეთი საჰაერო ძალების შექმნას დიდი დრო, ძალისხმევა და ფული დასჭირდება", - განაცხადა გენერალმა.

მსგავსი სიახლეები