მიშელი: ჩრდილოეთ მაკედონიას გაწევრიანების ‘ისტორიული შესაძლებლობა’ აქვს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობას საფრანგეთის მომზადებული წინადადების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რომელიც ბულგარეთთან კომპრომისის მიღწევას გულისხმობს.
„ჩვენ ერთად ვდგავართ ევროკავშირი გაწევრიანების პროცესში შესაძლო გარღვევის პირას“, - უთხრა მიშელმა მაკედონიის პრემიერ-მინისტრ დიმიტარ კოვაჩევსკის.
მიშელის განცხადებით, კომპრომისზე დათანხმების შემთხვევაში ბრიუსელი გაწევრიანების მოლაპარაკებებს „დაუყოვნებლივ“ დაიწყებს.
ჩრდილო მაკედონიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 17 წლის წინ მიიღო.
თუმცა, სკოპიესთან მოლაპარაკებების დაწყებას ბულგარეთი ბლოკავს.
ბულგარეთი, რომელიც ფრანგების შეთავაზებას მხარს უჭერს, სკოპიესგან მაკედონიური ენის „ბულგარული ფესვების“ აღიარებას და ბულგარეთის წინააღმდეგ „სიძულვილის ენის“ გამოყენების შეზღუდვას მოითხოვს.
კომპრომისულ წინადადებას ემხრობა ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი. თუმცა, მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიციური პარტიები ფრანგების გეგმას „შეურაცხმყოფელს უწოდებენ“.
ფრანგების წინადადებაზე დათანხმება „მაკედონიელი ხალხის ასიმილაციის ლეგალიზაცია“ იქნება, - განაცხადეს მთავარ ოპოზიციურ პარტია VMRO-DPMNE-ში.
5 ივლისს მოსალოდნელი შეთანხმების გასაპროტესტებლად სკოპიეს ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. პოლიციასთან შეტაკებებში ათეულობით მოქალაქე და სამართალდამცავი დაშავდა.
ბულგარეთამდე მაკედონიის წევრობას წინ საბერძნეთი ეღობებოდა, რომელიც ქვეყანას სახელწოდებას ედავებოდა. სკოპიემ უთანხმოება „მაკედონიისთვის“ სიტყვა „ჩრდილოეთის“ დამატებით გადაჭრა.
ბულგარეთის ვეტოს გამო გაწევრიანების პროცესი დამუხრუჭებულია ალბანეთის შემთხვევაშიც, რომელთან მოლაპარაკებებს ბრიუსელი მაკედონიის კონტექსტში განიხილავს.