მიშელი: Nord Stream-იდან გაზის გაჟონვა დივერსიის აქტია

ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას გაუწევს გამოძიებას, რაც შესაძლებელს გახდის საფუძვლიანად დაზუსტდეს Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის სამი ზოლის დაზიანების გარემოებები და მიზეზები. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაში, რომელიც 28 სექტემბერს ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ეს ინციდენტები შემთხვევითი არ არის და ყველა ჩვენგანზე მოქმედებს. ყველა არსებული მტკიცებულება მიუთითებს, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედებების შედეგი... ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში ჩვენი გამძლეობის გასაძლიერებლად", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით "ძლიერ და კოორდინირებულ პასუხს" გასცემს. ამასთან, ის არ საუბრობს იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი გაზსადენების დაზიანებაზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Twitter-ზე Nord Stream-იდან გაზის გაჟონვას "დივერსიის აქტი" და "ევროკავშირის ენერგომომარაგების შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობა" უწოდა.

"ჩვენ გვჭირდება სასწრაფო და საფუძვლიანი გამოძიება. პასუხისმგებელი პირები სრულად აგებენ პასუხს მომხდარზე. ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისთვის ჩვენი ძალისხმევა გაგრძელდება, რაც საშუალებას მოგვცემს უარი ვთქვათ რუსული გაზზე", - წერს მიშელი.

კონტექსტი

25-26 სექტემბრის ღამეს, დანიის კუნძულ ბორნჰოლმის სამხრეთ-აღმოსავლეთით Nord Stream 2-ის მილსადენის ერთ-ერთ ხაზზე გაჟონვა მოხდა. მოგვიანებით, მსგავსი გაჟონვა დაფიქსირდა Nord Stream 1-ის ორივე ხაზზე, დანიამ და შვედეთმა მალევე გამოაცხადეს შეზღუდვები გადაზიდვებზე მას შემდეგ, რაც ზღვაში საწვავის გაჟონვის ადგილი აღმოაჩინეს.

მილებში წნევის დაცემამდე და გაზის გაჟონვის აღმოჩენამდე ცოტა ხნით ადრე, შვედურმა და დანიის სეისმოლოგიურმა სადგურებმა წყალქვეშა აფეთქებები დააფიქსირეს. კრემლში აცხადებენ, რომ მიზეზი შეიძლება იყოს დივერსია, მაგრამ "სანამ კვლევის შედეგები არ გამოჩნდება, გარკვეული შესაძლებლობა მაინც არ არის გამორიცხული".

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ Nord Stream და Nord Stream 2 გაზსადენებიდან გაჟონვა არის ტერორისტული თავდასხმა და რუსეთის აგრესიის აქტი ევროკავშირის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები