"მიზნობრივი სანქციები ივანიშვილს და კობახიძეს" - ევროპარლამენტარების ახალი მოთხოვნა
ევროპარლამენტის წევრები, ტის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი და მირიამ ლექსმანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს მიმართავენ დაიწყოს მიზანმიმართული სანქციების მომზადება საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, ვინც ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
"დღეს დილით, საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, რაც გულისხმობს უცხოელი აგენტების კანონის სწრაფად და საბოლოოდ მიღებას, პრო-ევროპული და თავისუფალი ქართველი ხალხის მხარდასაჭერად გვსურს დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა:
- 27 მაისის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის წინ, გეგმავს თუ არა ჟოზეპ ბორელი ივანიშვილის, კობახიძის და პაპუაშვილის მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესებას, ისევე როგორც ყველა იმ დეპუტატის, ვინც ხმა მისცა უცხოური გამჭვირვალობის კანონს და მხარს დაუჭერს პოტენციური ვეტოს დაძლევას?
- საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მისცემენ თუ არა ინსტრუქციას ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურს და სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატს, რომ შეწყვიტოს ნებისმიერი მაღალი დონის კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიზანიც არ არის ამ კანონის გაწვევა. გეგმავთ თუ არა თავი შეიკავოთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნისგან, ვიდრე ეს კანონი იმოქმედებს?
- კანონის მიღების შემდეგ, გეგმავს თუ არა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს ელჩის დაბარებას, რათა გამოხატოს ევროკავშირის მიერ კანონის დაგმობა და გააცნოს მისი განზრახვა, რომ მიიღებს ზემოთხსენებულ ზომებს და კონსულტაციებისთვის ევროკავშირის ელჩის გამოწვევასაც განიხილავს?"