მოკლედ მოყოლილი | დრაკონის მოთვინიერება: ბაიდენის 4 პრიორიტეტი ჩინეთზე
აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებისთვის ოთხი საკვანძო მიმართულება წარადგინა.
რა მოხდა? 15 ნოემბერს აშშ-ს და ჩინეთის ლიდერებმა ონლაინ-შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც ყურადღება „მხარეებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების“ აუცილებლობაზე გაამახვილეს.
კონტექსტი მსოფლიოს ორ ყველაზე დიდ ეკონომიკას შორის ურთიერთობა ბოლო ხანებში განსაკუთრებით დაიძაბა ტაივანის, ეთნიკური უიღურების რეპრესიის და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის ექსპანსიის საკითხების გარშემო.
სალივანი ჩინეთთან ურთიერთობისას პრიორიტეტების ოთხ „კალათას“ გამოყოფს:
1-ლი კალათა: საკითხები, რომელთა შესახებ ვაშინგტონის და პეკინის თანამშრომლობა ორივე მხარის ინტერესშია. ასეთია, მაგალითად, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა და მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება.
მე-2 კალათა: ისტორიულად, ჩინეთი და აშშ გლობალური უსაფრთხოების საკითხების შესახებ დაპირისპირებას საერთო ენის გამონახვას ამჯობინებდნენ. ასეთი თემებია ბირთვული განიარაღება და ირანის და კორეის ატომური პროგრამები.
მე-3 კალათა: სალივანი ორი ქვეყანას შორის სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად „სტრატეგიული დიალოგის“ შენარჩუნების და პოზიციების ცხადად დაფიქსირების საჭიროებას უსვამს ხაზს. მისი თქმით, ბაიდენმა სი ძინფინგს შეახსენა, რომ 1979 წელს სენატის წევრობის დროს ხმა მისცა აშშ-ს ტაივანის აქტს და დღესაც თვლის, რომ ამერიკამ კუნძულის თავდაცვაზე უნდა იზრუნოს.
მე-4 კალათა: სავაჭრო უთანხმოებების გადალახვა. პრეზიდენტ ტრამპის მიერ ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესების შემდეგ პეკინმა და ვაშინგტონმა სავაჭრო მოლაპარაკებები გააბეს, რომელიც დღესაც გრძელდება. სალივანის თქმით, აშშ-მ ჩინეთის „უსამართლო სავაჭრო პოლიტიკის“ მოსათოკად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს.
ატომური კლუბი სალივანმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენმა ჩინელ კოლეგას ბირთვული შეიარაღების კონტროლზე ჩამოუგდო სიტყვა. ჩვენი ქვეყნები ბირთვულ საკითხებში „სტრატეგიული სტაბილურობის“ მიღწევისკენ უნდა ცდილობდნენ, თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
- „ბირთვული შეიარაღების სფეროში აშშ-რუსული პარტნიორობისგან განსხვავებით, ჩინეთთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა“, - ამბობს სალივანი.
რაღაცით უნდა დავიწყოთ მიუხედავად იმისა, რომ ორი ლიდერის შეხვედრას კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ორი ქვეყანა ჩინელი და ამერიკელი ჟურნალისტებისთვის სამოგზაურო შეზღუდვების გაუქმებაზე შეთანხმდა.
მომზადებულია axios.com-ზე დაყრდნობით.