მოლდოვა რუსეთის საელჩოს პერსონალის შემცირებას მოითხოვს
მოლდოვის ხელისუფლება მოსკოვს კიშინოვში რუსეთის საელჩოს პერსონალის შემცირებას მოსთხოვს. ამ ინფორმაციას მმართველი პარტიის დეპუტატი ადრიან კაპტონარი ავრცელებს.
კაპტონარმა თქვა, რომ მოლდოვა, ქვეყნის შიდა საქმეებში რუსეთის ხელისუფლების ჩარევის გამო, კიშინიოვში რუსეთის მისიის შემცირებას მოითხოვს. რუსი დიპლომატების რაოდენობა მოსკოვში მოლდოველი დიპლომატების რაოდენობას უნდა გაუთანაბრდეს.
"ადრე იყვნენ ადამიანები, ეს მტვირთავები, რომლებიც ყოველდღე მიდიოდნენ მოსკოვში და მოდიოდნენ 8000 დოლარით ან ევროთი ნაღდი ფულით, ანუ შორის (გაქცეული ოლიგარქის, აკრძალული პრორუსული შორის პარტიის ლიდერის. - რედ.) მთელი ეს დანაშაულებრივი ქმედებები მოსკოვიდან დაფინანსდა. მოსკოვი ხელმძღვანელობს მოლდოვის რესპუბლიკის დემოკრატიულ პროცესებში ინტერვენციის პროცესს," - განაცხადა მან.
კაპტონარის ინფორმაციით, მოლდოვა რუსეთს მალე გააცნობს დიპლომატიური მისიის პერსონალის შემცირების გადაწყვეტილებას, სადაც მითითებული იქნება თარიღი, როდესაც დიპლომატებმა უნდა დატოვონ ქვეყანა.
თუმცა, მან ვერ დაასახელა კონკრეტული ვადები, როდის მიიღება ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ აღნიშნა, რომ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე უკვე მუშაობს.
მოლდოვაში რუსეთის საელჩოში ახლა დაახლოებით 150 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 40 დიპლომატი, ამდენივე ტექნიკური პერსონალი, დანარჩენი კი ოჯახის წევრები არიან. მეორე მხრივ, მოლდოვას მხოლოდ ექვსი დიპლომატი ჰყავს მოსკოვში.
შეგახსენებთ, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ორშაბათს, 19 ივნისს, პრორუსული პარტია შორის საქმიანობა არაკონსტიტუციურად ცნო.