მოლდოვამ დნესტრისპირეთს გაზის პირველი პარტია მიაწოდა
მოლდოვამ დნესტრისპირეთის რეგიონს გაზის პირველი პარტია (3 მილიონი კუბური მეტრი) სესხის სახით მიაწოდა.
ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული გამოცემა РИА მოლდოვაგაზის პასუხზე დაყრდნობით წერს.
29 იანვარს Молдовагаз-მა და Тираспольтрансгаз-მა გააფორმეს ხელშეკრულება არაღიარებული რეგიონისთვის 3 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის სესხის სახით მიწოდების შესახებ.
Молдовагаз-ის ხელმძღვანელის ვადიმ ჩებანის თქმით, მიწოდება 1 თებერვალს, დილით უნდა დაწყებულიყო.
"Молдовагаз-სა და Тираспольтрансгаз-ს შორის ხელშეკრულების თანახმად, გაზის ეს მოცულობა სესხის სახით გაიგზავნა, რომელიც 2025 წლის 1 მარტამდე უნდა დაიფაროს," - აღნიშნა ჩებანმა.
31 იანვარს, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა გამოაცხადა ევროკავშირთან საბოლოო შეთანხმება ფინანსურ დახმარებაზე, რომელსაც ქვეყანა ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად მიიღებს - საუბარია 64 მილიონ ევროზე, საიდანაც 20 მილიონი დნესტრისპირეთისთვის გაზის მისაწოდებლადაა გათვალისწინებული.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ კიევში შეხვედრის შემდეგ დაადასტურეს, რომ ითანამშრომლებენ მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონის მაცხოვრებლების ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.