მოლდოველი ოლიგარქი შორი ევროკავშირს სანქციების მოხსნას სთხოვს
მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი, რომელიც ახლა აკრძალული პარტია შორის დამფუძნებელია, და ამ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე მარინა ტაუბერი, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში მათთვის დაწესებულ სანქციებს აპროტესტებენ.
ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლების მოლდოვის სამსახურთან კომენტარში შორისა და ტაუბერის ადვოკატმა კარსტენ ზატშლერმა დაადასტურა.
ადვოკატის თქმით, სანქციების მოხსნის მოთხოვნა ევროკავშირის სასამართლოში 9 აგვისტოს შევიდა. მან შეზღუდვებს "ევროკავშირის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება" უწოდა, რომელიც ეფექტურად ეხმარება მოლდოვის მთავრობას პოლიტიკური ოპოზიციის დევნაში.
ზატშლერმა ადრე Bloomberg-თან საუბარში აღიარა, რომ მიმართვების დიდ უმრავლესობას "წარმატების ძალიან დაბალი პერსპექტივები აქვს."
მაისის ბოლოს, ევროკავშირის საბჭომ მიიღო რეგულაცია მოლდოვის დესტაბილიზაციისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ.
ევროკავშირმა დაასანქცირა მოლდოვიდან გაქცეული ოლიგარქები ვლადიმერ პლახოტნიუკი და ილან შორი, პარტია შორის დეპუტატი მარინა ტაუბერი, ასევე პოლიციის გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე გეორგი ჩავკალიუკი, რომელიც მოლდოვაში იძებნება და რუსი ბიზნესმენი იგორ ჩაიკა.