მოლდოვის ხელისუფლებამ ექვსი ტელევიზიის მაუწყებლობა შეაჩერა
მოლდოვის მთავრობის საგანგებო სიტუაციების კომისიამ ლიცენზია ექვს ტელევიზიას საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეუჩერა. ეს ღონისძიება 19 დეკემბრიდან ამოქმედდება.
მთავრობის განმართებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი საინფორმაციო სივრცის დაცვა და დეზინფორმაციის გავრცელების რისკის თავიდან აცილებაა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ განაცხადა, რომ ამ მედისაშუალებებმა არაერთხელ დაარღვიეს აუდიოვიზუალური სერვისების კოდექსი, ტენდენციურად აშუქებდნენ მოვლენებს მოლდოვაში და რუსეთის აგრესიას უკრაინაში. პრემიერის თქმით, მეზობელ სახელმწიფოში ომის დაწყებიდან თითქმის 10 თვის შემდეგ, მოლდოვაში პროპაგანდა არ შეწყვეტილა, პირიქით, გაძლიერდა.
მთავრობის პოზიციას მხარი მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაუჭირა. მან აღნიშნა, რომ კიშინიოვის პრიორიტეტი ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა.
ასევე, მისი თქმით, ეროვნული საინფორმაციო სივრცის დაცვა არის "მნიშვნელოვანი ნაბიჯი დესტაბილიზაციის მცდელობების თავიდან ასაცილებლად, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი პირების წამოწყებულია".
მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების გამო გამოცხადდა. მას შემდეგ საგანგებო მდგომარეობა არაერთხელ გახანგრძლივდა.
ივნისში ქვეყანაში ამოქმედდა კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც კრძალავს ახალი ამბებისა და ანალიტიკური კონტენტის იმ ქვეყნებიდან მაუწყებლობას, რომლებმაც არ მოახდინეს საერთაშორისო სატელევიზიო კონვენციის რატიფიცირება. ასეთი სახელმწიფო რუსეთია.