მოლდოვის პარლამენტმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
25 მაისს მოლდოვის პარლამენტმა დაამტკიცა 21 მაისს, კიშინოვის ეროვნულ ასამბლეაზე მიღებული "ევროპული მოლდოვის" რეზოლუცია. რეზოლუცია 55 დეპუტატის ხმით იქნა მიღებული. ამის შესახებ NewsMaker წერს.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ეროვნული ასამბლეის რეზოლუციას და ევროინტეგრაცია მოლდოვის პრიორიტეტად ცხადდება.
თავად რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მოლდოვა ცდილობს გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი ნაწილი, რაც იქნება ქვეყნის სტაბილურობის გარანტია და მისი პოტენციალის რეალიზაციის საშუალება.
ეროვნული ასამბლეის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის კონსტიტუციაში ჩაწერა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ნაადრევად დაწყება და ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერება.
კონტექსტი
21 მაისს კიშინოვში, დიდი ეროვნული ასამბლეის მოედანზე, მოლდოვის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მისი ჩატარების ინიციატორი ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ იყო.
"დღეს, 2023 წლის 21 მაისს, ჩვენ კვლავ შევიკრიბეთ აქ, როგორც მთელი ერი, რათა ერთხმად ვთქვათ, რომ მოლდოველები ევროპელები არიან და რომ შვიდ წელიწადში ჩვენ ევროკავშირის წევრები უნდა გავხდეთ. ეს ომი აჩვენებს, რომ ჩვენ აღარ გვინდა კრემლი გვაშანტაჟებდეს", - თქვა სანდუმ.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც. "აირჩიეთ ევროპა და ევროპა დაგხვდებათ გაშლილი ხელებითა და გულით", - აღნიშნა მან.
პოლიციის ცნობით, კიშინოვში აქციას 75 000-დან 80 000-მდე ადამიანი დაესწრო.
2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელი სამიტზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადი განიხილეს და უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს.
2022 წლის 21 ნოემბერს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამო, მოლდოვის ევროინტეგრაცია საფრთხეშია.