მომავალ კვირას აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს - თეთრი სახლი
შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მომავალ კვირას გამოაცხადებს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა 15 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სალივანს ჰკითხეს, ამზადებს თუ არა ვაშინგტონი უკრაინისთვის თავდაცვითი დახმარების ახალ პაკეტს.
"ჩვენ მუდმივად ვამზადებთ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს. მოგეხსენებათ, ჩვენ ამ პაკეტებს თითქმის ყოველ ორ კვირაში ერთხელ ვამზადებთ," - უპასუხა ბაიდენის მრჩეველმა. "და ვფიქრობ, შეგიძლიათ მომავალ კვირას ელოდოთ განცხადებას დამატებითი რესურსების და შესაძლებლობების, დამატებითი იარაღის შესახებ უკრაინისთვის, რადგან ის აგრძელებს კონტრშეტევას და რუსული თავდასხმებისგან თავდაცვას."
სალივანის თქმით, ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში 21 სექტემბერს მიიღებს.