მონასტირსკი: უკრაინელებს პირადი თავდაცვისთვის იარაღის ტარება უნდა შეეძლოთ
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი მიიჩნევს, რომ უკრაინელებს პირადი თავდაცვისთვის იარაღის ტარების უფლება უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ მან 2 ივნისს ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
"ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს 24 თებერვლიდან ჩაუტარდათ იარაღის ტესტირება, ათიათასობით ავტომატი დარიგდა დიდ ქალაქებში და ეს იყო უდიდესი გამოწვევა ჩვენთვის. ჩვენ ვფიქრობდით, როგორ გამოიყენებდა ხალხი ამ იარაღს, გამოიყენებოდა თუ არა უკრაინელების და უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ დღეს ვუახლოვდებით წინააღმდეგობის მე-100 დღეს და შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოცდა ჩაბარებულია. დღეს იარაღის პასუხისმგებლიანი მფლობელები - მათი უმეტესობა - ფრონტზე დგანან და იცავენ ჩვენს სახელმწიფოს ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, მიკოლაივის და ოდესის რეგიონების ბევრ ქალაქში", - თქვა მონასტირსკიმ.
გამოკითხვამ, რომელიც "Дії"-მ ჩაატარა, აჩვენა საზოგადოებრივი აზრის ცვლილება იარაღის ფლობის მიმართ. სამინისტროს მიერ ერთი წლის წინ ჩატარებულმა გამოკითხვის შედეგებით, უკრაინელების მხოლოდ მესამედმა მიიჩნია შესაძლებლად თავდაცვის მიზნით იარაღის ფლობა, ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 59% იყო ამის მომხრე.
მონასტირსკიმ განაცხადა, რომ ახლა პარლამენტი ამზადებს კანონპროექტს იარაღის მიმოქცევის შესახებ მეორე მოსმენისთვის. მინისტრი ელის, რომ გამოკითხვის შედეგებს სახალხო დეპუტატები გაითვალისწინებენ.
მონასტირსკიმ არ დააკონკრეტა, როდის განიხილავს უზენაესი რადა ამ კანონპროექტს.