მორავიეცკი: მოვამზადეთ 10 პუნქტიანი გეგმა უკრაინის მხარდასაჭერად
პოლონეთმა სლოვენიასთან და ჩეხეთთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერად და ომის დასასრულებლად 10-პუნქტიანი გეგმა მოამზადა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი 25 მარტს Politico-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
მისი თქმით, უკრაინაში სამხედრო ინტევენციის შემდეგ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ოთხი პაკეტი დააწესა, მაგრამ ეს ზომები "აშკარად არ არის საკმარისი", რადგან ომი გრძელდება, "ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს".
მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა და მისი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მართალი არიან, როცა დასავლეთისგან მეტ მოქმედებას ითხოვენ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ის 10 ნაბიჯი დაწერა, რომელიც უკრაინაში ომის დასასრულებლად დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გადადგან:
- ყველა რუსული ბანკის SWIFT-იდან გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკა რამდენიმე კვირაში მოერგება ახალ პირობებს;
- თავშესაფრის ერთიანი პოლიტიკის შემოღება იმ რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ მოსკოვის კრიმინალური რეჟიმის სამსახურზე;
- რუსული პროპაგანდის სრულად აკრძალვა ევროპაში - სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ტყუილის თქმის უფლებას;
- ევროპის პორტებში რუსული გემების დაბლოკვა;
- დაწესდეს იგივე ტიპის ბლოკადა სახმელეთო ტრანსპორტისთვის რუსეთიდან და რუსეთისკენ;
- სანქციების დაწესება არა მხოლოდ რუსი ოლიგარქებისთვის, არამედ მთელ მათ გარემოცვაზე;
- ვიზების გაცემის შეჩერება რუსეთის ყველა მოქალაქეზე, რომლებსაც სურს ევროკავშირში შესვლა: რუსმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი ამ ომის გამო შესაბამის შედეგებს იღებენ;
- სანქციების დაწესება პუტინის პარტიის "ერთიანი რუსეთის" ყველა წევრისთვის;
- დაწესდეს სრული აკრძალვა რუსეთში იმ ტექნოლოგიების ექსპორტზე, რომლებიც შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ;
- რუსეთი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხვა: კრიმინალებთან ერთ მაგიდასთან დაჯდომა არ შეიძლება.
მორავიეცკის თქმით, თუ დასავლეთს მშვიდობის აღდგენა სურს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა იცოდეს, სად არის "წითელი ხაზი", რომელსაც ვერ გადალახავს.