მოსკოვზე პირველად განხორციელდა დრონების მასირებული თავდასხმა - რა ვიცით

30 მაისის დილით, მოსკოვზე პირველად განხორციელდა დრონების მასირებული თავდასხმა, დაზიანებულია რამდენიმე შენობა, საჭირო გახდა მაცხოვრებლების ევაკუაცია. 

ერთ-ერთი დრონი პოდმოსკოვიის რაიონის სოფელ რაზდორთან ჩამოაგდეს, რომელიც რუბლიოვკის ნაწილია, სადაც კრემლის ელიტის სახელმწიფო აგარაკები მდებარეობს. 

რა ვიცით 

პირველი დრონი ნოვაია მოსკვას რაიონში, ატლასოვის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კედელს 4 საათსა და 30 წუთზე შეეჯახა. 

მეორე თავდასხმა მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პროფკავშირების ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის 16 სართულზე მდებარე ერთ-ერთი სახლში შეფრინდა. ოფიციალური განცხადებებით დაზიანებები უმნიშვნელოა, თუმცა მოსკოვის ხელისუფლებამ 3 სადარბაზოს მაცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო. 

მესამე დრონი მოსკოვის სამხრეთ ნაწილში, ლენინის პროსპექტზე მდებარე 30-სართულიან სახლს შეეჯახა. არსებული ცნობებით უპილოტო საფრენი აპარატი ასაფეთქებელ მოწყობილობას. ამ შემთხვევაშიც მოსკოვის ხელისუფლებამ ევაკუაცია გამოაცხადა, რომელსაც ჯამურად 300 ადამიანი დაექვემდებარა.

აფეთქებების ხმები ისმოდა პოდმოსკოვიის ელიტურ დასახლებებშიც - გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის თქმით, აფეთქებები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მუშაობის შედეგი იყო.

არსებული ინფორმაციით თავდასხმაში ჯამურად 25 დრონი მონაწილეობდა. უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა ჰსთ-მ ჩამოაგდო, ნაწილი კი ხეებსა და ელექტროგადამცემ ხაზებში გაეჭედა, ვინაიდან დრონები უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე მივფრინავდნენ. 

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, სამედიცინო დახმარება დაჭირდა 2 ადამიანს, თუმცა არცერთს არ დაჭირვებია ჰოსპიტალიზაცია. 

დრონების თავდასხმის შემდეგ ადგილობრივ ქსელებში მოსახლეობა GPS ნავიგაციის სისტემის გაუმართაობაზე წერდნენ. გარდა ამისა სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა რამდენიმე ქუჩაზე. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქის ტერიტორიაზე გეგმა 'ტაიფუნი' აამოქმედა, რომელიც საგანგებო შემთხვევების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით უწყების თითოეული თანამშრომლის მობილიზაციას ითვალისწინებს. 

კონტექსტი 

გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაცია სისტემატურად ბომბავს უკრაინის ტერიტორიას უპილიტო საფრენის აპარატებისა და ყველა მათთვის ხელმისაწვდომი რაკეტის გამოყენებით. 

ბოლო დღეებში ქალაქ კიევზე ომის მიმდინარეობისას ყველაზე მასშტაბური თავდასხმები განხორციელდა - საჰაერო შეტევის თითოეულ ტალღაში ათობით ირანული დრონი მონაწილეობდა. 

გასული ღამით კიევს თავს დაესხა 31 ირანული დრონი. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ჩამოგდებულია 29 მათგანი. შეტევის შედეგად დაიღუპა 1 მშვიდობიანი უკრაინელი, ხოლო 4 ჰოსპიტალიზებულია. 

მომხდარს უკვე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი - მისი თქმით, კრემლში დარწმუნებულები არიან, რომ შეტევის უკრან კიევის რეჟიმი დგას. პესკოვი ამბობს, რომ ამგვარად კიევი შეეცადა პასუხი გაეცა რუსეთის წარმატებული სარაკეტო დარტყმებისთვის. 

პესკოვი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი მომხდარს ინფორმაციას ცოცხალი დროის რეჟიმში იღებდა, თუმცა სპეციალურ განცხადების გავრცელების ამ საკითხზე არ გეგმავს. 

მსგავსი სიახლეები