მსოფლიო დონორებმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის €10 მილიარდი შეაგროვეს
ვარშავაში გამართულმა დონორთა საერთაშორისო კონფერენციამ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 9.1 მილიარდი ევრო შეაგროვა. ამის შესახებ შაბათს, 9 აპრილს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის დედაქალაქში განაცხადა.
"ჩვენ გვინდა გავაერთიანოთ მთელი მსოფლიო, რათა დავეხმაროთ ლტოლვილებს უკრაინის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ", - თქვა მან.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გერმანია დამატებით 425 მილიონ ევროს გამოყოფს ჰუმანიტარული დახმარებისთვის. გარდა ამისა, გერმანია სამედიცინო დახმარებისთვის 70 მილიონ ევროს გამოყოფს.
"გერმანია მხარს უჭერს უკრაინას", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
კონფერენციაზე შეგროვებული თანხების გარდა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა პირობა დადო, რომ 1 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს გამოყოფს დევნილებისთვის.
8.3 მილიარდი ევრო ევროკავშირის წინა ხაზზე მყოფ ქვეყნებსა და მოლდოვაში დაიხარჯება. თანხა გადაერიცხება გაეროს პროექტებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულნი არიან ლტოლვილების დახმარებაში.
დონორთა კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია Global Citizen-მა, ევროკომისიამ და კანადის მთავრობამ მოიწვია.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ერთადერთი, რასაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღებით მიაღწია, არის ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უარესდება.