მტკივნეული დარტყმები ზურგში და უძრავი ფრონტი - ЗСУ-ს იერიშის ქრონიკა, დღე 6

გასული დღე-ღამის განმავლობაში მძიმე ბრძოლები გაგრძელდა ზაპორიჟიისა და დონეცკის ოლქის საზღვარზე, ბახმუტისა და ტოკმაკის შემოგარენში, თუმცა უკრაინული არმიის წინსვლის ან ახალი დასახლებების გათავისუფლების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
სავარაუდოა, რომ უკრაინის არმიის წინსვლის შეჩერება ფრონტის ვრცელ მონაკვეთზე გაუარესებულ ამინდს და ოკუპანტების მიერ რეზერვების გადასროლას უკავშირდება.
წინსვლის შენელების ფონზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საგრძნობლად გაზარდეს აქტივობა ოკუპანტების ლოჯისტიკური ცენტრების, სამეთაურო პუნქტებისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის წერტილებზე.
მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინულმა ძალებმა მიიტანეს ზუსტი საჰაერო დარტყმა მარიუპოლის შემოგარენში მდებარე პრიმორსკის მიმართულებით, სადაც ჩეჩნური დანაყოფების კონცენტრაცია შეინიშნებოდა.
უკრაინული წყაროების ცნობით, დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ჩეჩნური დანაყოფის მეთაური და კადიროვის მარჯვენა ხელის სახელით ცნობილი ადამ დელიმხანოვი. რუსული წყაროების ცნობით, დელიმხანოვი ცოცხალია, მაგრამ დაჭრილი.
ცოტა ხნის წინ რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ დელიმხანოვი ცოცხალია და დაჭრილიც კი არ არის.
რუსული წყაროებისვე ცნობით, დარტყმის შემდეგ დაჭრილების ევაკუაციაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 20 ვერტმფრენი მონაწილეობდა.
დღეს დილიდან Z-ბლოგერები იუწყებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული დარტყმის შესახებ შესახებ კრემენნაიას შემოგარენში დაბანაკებული ქვედანაყოფის შტაბზე. ე.წ. სამხედრო კორესპონდენტის, ალექსანდ კოცის ცნობით, შემთხვევა დილის საათებში იმ დროს მოხდა, როდესაც შენაერთის პირადი შემადგენლობა 2 საათის განმავლობაში მოწყობაზე იდგა და გენერლის სიტყვას ელოდებოდა.
კოცის ცნობით, ამ დროს უკრაინელებმა ოკუპანტების თავშეყრის წერტილებზე HIMARS-ით მიიტანეს დარტყმა. "უკრაინელების კონტრიერიშის პირველ დღეებში არ გვქონია იმდენი დანაკარგი, რამდენიც დივიზიის გენერლის დანაშაულებრივი იდიოტიზმის გამო მივიღეთ",- წერს კოცი.
არსებული ცნობებით, საუბარია გენერალ სუგრაბ ახმეტოვზე, რომელიც მანამდე გენერალ რუსტამ მურადოვთან ერთად იანვრის ბოლოს ვუჰლედართან რუსეთის კატასტროფულ შეტევას მეთაურობდა. ოკუპანტების დანაკარგების რაოდენობის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება, თუმცა საუბარია ასობით დაჭრილზე.
უკრაინული ანალიტიკური პორტალის Deep State-ის ცნობით, ზაპორიჟიისა და დონეცკის ოლქის საზღვარზე უკრაინულმა ძალებმა 2 წარმატებული დარტყმა განახორციელეს ოკუპანტების სამეთაურო პუნქტებზე. "ველოდებით ბევრ ნეკროლოგს"- ნათქვამია ცენტრის მიმოხილვაში. ფრონტის სწორედ ამ მონაკვეთზე მოკლეს რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, სერგეი გორიაჩევი 12 ივნისის ღამით.
გუშინ რამდენიმე მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა ოკუპირებულ მელიტოპოლში - ქალაქის მერის, ივან ფედოროვის თქმით, აფეთქებები რკინიგზის ერთ-ერთ კვანძზე მოხდა, რომელსაც ოკუპანტები იყენებდნენ. ფედოროვის თქმით, ამ დროისთვის აღნიშნულ სარკინიგზო კვანძზე მოძრაობა შეჩერებულია.
გუშინ გაიმართა ვლადიმირ პუტინისა და Z-ბლოგერების შეხვედრა, რომლის ნაწილიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ე.წ. სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის გეგმები უკრაინაში უცვლელია.
გუშინ, 13 ივნისს ვაშინგტონმა უკრაინის დახმარების ახალი სამხედრო პაკეტის შესახებ გამოაცხადა. 325 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებაში შედის 15 Bradley-ისა 10 Stryker-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებიც - დაახლოებით იმდენივე, რამდენიც უკრაინამ ზაპორიჟიაში იერიშის პირველ დღეებში დაკარგა.
დეტალები
გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის ბოლო მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის ავიაციის გააქტიურებას ეთმობა. მიმოხილვაში ნათქვამია, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების აქტიურობა განსაკუთრებით გაზრილია ზაპორიჟიაში.
უწყების ცნობით, უკრაინის კონტრიერიშის დაწყებასთან ერთად ოკუპანტების ავიაცია სულ უფრო ხშირად იყენებს ჰაერი-ხმელეთი ტიპის შორეულ ავია-ბომბებს და მუდმივად ფარავს სახმელეთო ძალების გადაადგილებას. მიმოხილვის ავტორების თქმით, სამხრეთ უკრაინაში რუსეთის ავიაციას უფრო მოქმედების უფრო მეტი თავისუფლება აქვს, ვიდრე ქვეყნის სხვა ნაწილებში.
რუსეთის ავიაციის გააქტიურებაზე მეტყველებს სატელიტური ფოტოებიც, რომელთა მიხედვითაც ბოლო დღეებში ოკუპანტებმა ბერდიანსკის აეროდრომზე დამატებით 20 ვერტმფრენი განათავსეს.
უკრაინის კონტრიერიშის მიმდინარეობას აფასებს Financial Times - გაზეთის მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტები მიუთითებენ, რომ სირთულეები, რომელსაც ЗСУ იერიშის პირველ დღეებში გადააწყდა მოსალოდნელი იყო. ამის მიზეზად ექსპერტები რუსეთის მიერ ტაქტიკურ ადაპტაციის მაღალ დონეს და კარგად ორგანიზებულ თავდაცვის ხაზებს ასახელებენ.
სამხედრო ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ უკრაინას ჯერჯერობით არ განუხორციელებია ძირითადი დარტყმა და მისი მიმართულება კვლავ უცნობია.
"მხოლოდ მას შემდეგ რაც დავინახავთ ასეულობით უკრაინულ ტანკს ფრონტის შედარებით ვიწრო მონაკვეთზე შეგვეძლება ვთქვათ, რომ ძირითადი შეტევა დაიწყო",- წერს ნატოს ძალების ყოფილი მეთაური ევროპაში ბენ ჰოჯესი.
ჰოჯესის შეფასებას ეთანხმება უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი სერჰი კუზანი. "ეს ჭადრაკის თამაშია. ინიციატივის დაუფლებით ჩვენ ვცდილობთ მათი რეზერვების გაწელვას, რომ შემდეგ მთავარი დარტყმა ამ სუსტ წერტილზე მივიტანოთ",- ამბობს კუზანი.
ЗСУ-ს კონტრიერიშის მიმდინარეობას გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი. მისი თქმით, იმედგაცრუების მიზეზი არ არსებობს - "რაც მე ვიცი ის არის, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვითაა, რუსები განიცდიან დანაკარგებს, უკრაინელები ავითარებენ მომენტუმს."
Financial Times-თან საუბარში დასავლური დაზვერვის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მათ წრეში ზოგ ჩინოვნიკს სჯეროდა, რომ ЗСУ-ს იერიშის დაწყების შემდეგ რუსები გაიქცეოდნენ, მაგრამ ბევრი მათგანს უფრო ფრთხილი მოლოდინი ჰქონდა.
რა ხდება
ზაპორიჟიის ფრონტი - გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის ამ მონაკვეთზე მთავარი ბრძოლები რაბოტინო-ვერბოვეს შემოგარენსა და ლობკოვეს სამხრეთში განვითარდა. უკრაინული წყაროების ცნობით, ЗСУ-მ შეძლო ოკუპანტების მოწინავე პოზიციების დაკავება. დასახლება დოროჟნიანკასთან კი წარმატებით აღკვეთა რუსეთის არმიის კონტრშეტევის მცდელობა.
ყველაზე მასშტაბური ბრძოლები ამ დროისთვის კვლავ ზაპორიჟიისა და დონეცკის ოლქის საზღვარზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის შეხების ხაზი დასახლება ნოვოდარივკას სამხრეთით და რივნოპილის ჩრდილოეთით გადის.
ფრონტის სწორედ ამ მონაკვეთზე გადაისროლა მოცულობითი რეზერვები რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. გასული 24 საათის განმავლობაში Z-ბლოგერები მასშტაბური კონტრშეტევების შესახებ წერდნენ, მათ შორის მაკარივკისა და ბლაჰოდატნოეს მიმართულებით, თუმცა პოზიციები ვერ დაიბრუნეს.
დონეცკის ფრონტი - გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის კონტრშეტევები გაგრძელდა ავდიივკის შემოგარენში მდებარე დასახლება ვესელეს მიმართულებით, თუმცა წარუმატებლად. უკრაინულმა დანაყოფებმა დაიბრუნეს პოზიციები სოფელ პერვომაისკთან.
რუსეთის არმიის კონტრშეტევები მორიგ ჯერზე წარუმატებლად დასრულდა მარიინკის მიმართულებით. პარალელურად გაგრძელდა უკრაინის საარტილერიო დარტყმები ოკუპანტების პოზიციებზე სოფლებში მაქსიმილიანოვკა, ნოვომიხაილოვკა, გორლოვკასა და ქალაქ დონეცკში.
ბახმუტის ფრონტი - ბრძოლები გრძელდება ბახმუტის შემოგარენში ძირითადად კლიშიივკასა და ბერხივკის წყალსაცავის მიდამოებში. პარალელურად გრძელდება საარტილერიო დუელი ქალაქის ირგვლივ მდებარე პოზიციებზე.
კონტექსტი
ვილნიუსში ნატოს მოახლოებული სამიტის ფონზე უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ქვეყნისთვის უსაფრთხოების კონკრეტული და მრავალწლიანი გარანტიების ფორმატზე მუშაობენ.
Financial Times-ის ცნობით, ამ დროისთვის განიხილება ე.წ. QUAD-ის ფორმატის გავრცობა უკრაინაზე - ამ კლუბის წევრები არიან აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია და საფრანგეთი. წყაროების ცნობით, იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ უკრაინამ აღნიშნულ ქვეყნებთან ორმხრივი ხელშეკრულებების მეშვეობით მოახდინოს სამხედრო მხარდაჭერის არსებული დონის ფორმალიზება გრძელვადიან პერსპექტივაში.
წყაროების ცნობით, შეთანხმებები ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიღმა გაფორმდება და არ იქნება გათვალისწინებული ნატოს მეხუთე მუხლის ანალოგიური მექანიზმი.
წყაროების ცნობით, ამგვარი შეთანხმება იქნება გარდამავალი ეტაპი ომის დასრულებამდე, რომლის მიმდინარეობის დროსაც უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანება ძალიან რთული იქნება.
"თუ კი ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ვერ მიიღებს ნატოს წევრობას, პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მისმა ხალხმა უნდა იცოდეს თუ რა ტიპის დახმარება აქვთ მათ გარანტირებული",- ამბობს ბენ უოლესი.