ნარიშკინი: დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს
რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა, სერგეი ნარიშკინმა, ბაქოში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ გავლენის მოხდენას ცდილობს საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე.
ნარიშკინის მიხედვით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისმა "შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნით, მოამზადა შუალედური ანგარიში, რომელიც შეიცავს თეზისს, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, არ არსებობს სამართლიანი და ღია არჩევნების პირობები".
ეს, "რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას" - განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა.
"ამ ქმედების მიზანია, უხეშად, საკმაოდ თავხედურად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, შეეცადოს, ხელი შეუშალოს ჯანსაღი, ეროვნულად ორიენტირებული ძალების ხელისუფლებაში კვლავ მოსვლას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხალხი აირჩევს ... სწორ და ზუსტ არჩევანს გააკეთებს"- განაცხადა ნარიშკინმა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორმა ფაქტობრივად გაიმეორა 11 სექტემბერს, დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება.
მანამდე რუსეთის სპეცსამსახური აცხადებდა, რომ აშშ ემზადება „თბილისური მაიდანის“ მოწყობისთვის, რათა არ დაუშვას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება.