ნეთანიაჰუს ბეერშებაში ვიზიტისას ქალაქზე ღაზიდან სარაკეტო შეტევა განხორციელდა

ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტა ისრაელის ქალაქ ბეერშებაში ჩამოვარდა. 

 

სხვადასხვა ცნობებით, რაკეტა იმ დროს ისროლეს, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქში მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ და მისი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რომ ბეერშებას ერთ-ერთი რესტორნიდან ნეთანიაჰუ გაჰყავთ. თუმცა, მისმა პარტიამ, “ლიკუდმა” ეს ინფორმაცია უარყო.

 

ბეერშებაში დღეს რამდენიმე კანდიდატი ატარებდა კამპანიას. ტერორისტების სამიზნე ნეთანიაჰუს კამპანია წარსულშიც არაერთხელ გამხდარა.

 

რაკეტა დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა და არავინ დაშავებულა. განგაშის სიგნალი არ ჩართულა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა და პარტია "ლურჯი და თეთრის" ლიდერმა ბენი განცმა განაცხადა, რომ კამპანიას წყვეტს და უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციებისთვის სამინისტროში დაბრუნდა.

 

დღეს ისრაელში ბოლო 2 წლის განმავლობაში მეოთხე არჩევნები იმართება.

მსგავსი სიახლეები