ნეთანიაჰუმ ომის მეორე ეტაპი გამოაცხადა: ჩვენ გზის დასაწყისში ვართ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰამასის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი პარასკევს საღამოს, ღაზას სექტორში ახალი სახმელეთო ძალების შეყვანით დაიწყო.

ამის შესახებ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ომში ისრაელის მიზნები ნათელია: "ჰამასის სამხედრო და ლიდერული პოტენციალის განადგურება, ასევე მძევლების სახლში დაბრუნება."

ისრაელის პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება სახმელეთო ოპერაციის შესახებ ერთხმად მიიღო როგორც სამხედრო, ასევე უსაფრთხოების კაბინეტმა.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საწყისი ეტაპი იყო მასიური საჰაერო კამპანია, რათა "ჩვენს სახმელეთო ძალებს მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოქმედების საშუალება მიეცეს."

"ჩვენ გავანადგურეთ უამრავი მკვლელი, მათ შორის მასობრივი მკვლელები. ჩვენ გავანადგურეთ ტერორისტების შტაბები და ინფრასტრუქტურა. ჩვენ მხოლოდ დასაწყისში ვართ," - თქვა მან.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ომი "გრძელი და რთული იქნება და ჩვენ მზად ვართ."

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციები შაბათს გაგრძელდა.

ოპერაციებში, რომლებიც პარასკევს საღამოს დაიწყო, ისრაელის არმიამ დაარტყა ტერორისტულ უჯრედებს, რომლებიც ცდილობდნენ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებითა და ნაღმტყორცნებით თავდასხმებს.

მსგავსი სიახლეები