ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის ტანკების საბრძოლო მასალას გადასცემს
ნიდერლანდები უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტანკების საბრძოლო მასალას გადასცემს. ეს ინფორმაცია ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლლონგრენმა დაადასტურა.
De Telegraaf აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლება თითქმის არასოდეს აკეთებს განცხადებებს უკრაინის არმიისთვის გაწეული დახმარების ოდენობის შესახებ. თუმცა, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინას 20 ათას ჭურვს გადასცემს, რის შემდეგაც ოლონგრენმა ეს ინფორმაცია De Telegraaf-ს დაუდასტურა.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ ტანკის მიწოდებას აზრი არ აქვს. ჩვენ უნდა მივაწოდოთ მომსახურების სრული პაკეტი. გარდა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებისა, საჭიროა საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები", - თქვა მან.
Leopard 2-ის სტანდარტული საბრძოლო მასალის მარაგი 42 ჭურვისაგან შედგება, ამიტომ ჰოლანდიური მარაგი შეიძლება 470-ზე მეტი კომპლექტისთვის იყოს საკმარისი.
როგორც სატანკო კოალიციის ნაწილი, ნიდერლანდები, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს საკუთარი Leopard 2-ები, ამიტომ სახელმწიფომ უკრაინას წვრთნებში მონაწილეობა შესთავაზა, საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების გარდა.
"ერთად შეგვიძლია გადავცეთ ის, რაც უკრაინას სჭირდება", - თქვა ოლონგრენმა.
ამასთან, მინისტრმა არ გამორიცხა, რომ გერმანიიდან იჯარით მიღებული ტანკები უკრაინაში გაიგზავნოს.
"არავითარი უთანხმოება არ არის. არ არის გამორიცხული, რომ იჯარით აღებული ტანკები მოგვიანებით მაინც წავიდეს უკრაინაში. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ამ დროისთვის მიწოდება არ იგეგმება", - განაცხადა მან.
გამოცემა წერს, რომ ადრე ჰააგამ გერმანიას იჯარით აღებული 18 Leopard 2-ის ტანკის გამოსყიდვა და უკრაინისთვის გადაცემა შესთავაზა, თუმცა გერმანია ამ ვარიანტს ჯერ არ დათანხმდა.