ნიდერლანდები უკრაინისთვის გადასაცემად რადარებს შეიძენს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში ქვეყანა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

სხვა აღჭურვილობასთან ერთად, ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის 150 მილიონი ევროს ღირებულების ოთხ პასიურ სამეთვალყურეო სარადარო სისტემას, VERA-EG-ს შეიძენს.

"რადარების გამოყენება შესაძლებელია, კერძოდ, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების აღმოჩენის, ლოკალიზაციისა და იდენტიფიკაციისთვის. ამრიგად, ნიდერლანდებს თავისი წვლილი შეაქვს უკრაინის ინტეგრირებულ საჰაერო თავდაცვაში," - აღნიშნა მინისტრმა.

მან ასევე გაიხსენა, რომ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, შეთანხმდნენ უკრაინის საერთაშორისო ფონდიდან კიევის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 107 მილიონი ევროს დახარჯვაზე.

"გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გამოცხადდება, რომ ნიდერლანდები გამოყოფს 40 მილიონ ევროს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად მრავალმხრივი პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც უკრაინას უმოკლეს ვადაში მიეწოდება." - თქვა მან.

VERA-NG-ის სისტემა შედგება რადიაციული სიგნალების სამი მიმღებისაგან, 360 გრადუსიანი დაფარვით. სისტემა საჰაერო თავდაცვის საბრძოლო პუნქტებს გადასცემს მონაცემებს იდენტიფიცირებული სამიზნეების შესახებ დიაპაზონის, აზიმუტისა და სიმაღლის კოორდინატებით. სისტემის მოქმედების მანძილი 400 კილომეტრია, 20 მეტრის სიზუსტით.

მსგავსი სიახლეები