ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონი საუბარი შედგა
აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე, ნიკო ფაშინიანსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
"პრემიერმა წარმოადგინა შუა ღამით აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე დაწყებული აგრესიული ქმედებების დეტალები, რომელიც ხასიათდებოდა საარტილერიო და მსხვილკალიბრიანი ცეცხლით. ფაშინიანმა აზერბაიჯანის მოქმედებებს დაუშვებელი უწოდა და ხაზი გაუსვა ადეკვატური საერთაშორისო რეაქციის მნიშვნელობას",- ნათქვამია შეტყობინებაში.
კონტექსტი
აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნა სომხეთის მიერ სახელმწიფო საზღვარზე მოწყობილი დივერსიულ აქტს მოჰყვა.
"სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაშკესანში, ქელბაჯარისა და ლაჩინის გასწვრივ სასაზღვრო ზოლთან მსხვილმასშტაბიანი დივერსიული აქტი მოაწყვეს. რის შედეგადაც არის მსხვერპლი და დაზიანებული სამხედრო ტექნიკა",- ნათქვამია შეტყობინებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პასუხის მიზანია არ დაუშვას კონფლიქტის ზონის გაფართოება - "ვიღებთ აუცილებელ ზომებს, რათა ჩავახშოთ სომხეთის შეიარაღებული ძალების საცეცხლე წერტილები და არ დავუშვათ კონფლიქტის არეალის და მასშტაბის გაფართოება".
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით 00 საათსა და 05 წუთზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მსხვილკალიბრიანი არტილერიიდან და უპილოტო საფრენი აპერატების გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციების ქალაქების: ჯერმუკის, სოტკისა და გორისის მიმართულებით.