ნორვეგიამ უკრაინას 10 ხიდი გადასცა, ისინი დეოკუპირებულ ტერიტორიებზე დამონტაჟდება
ნორვეგიის სახელმწიფო საავტომობილო გზების ადმინისტრაციის ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი სატვირთო მანქანები უკრაინაში ჩავიდა. ამ ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო 11 იანვარს ავრცელებს.
"ნორვეგიიდან მივიღეთ ხიდები... 2022 წლის დეკემბერში ნორვეგიამ გადმოგვცა 10 ხიდი, რომელთა საერთო ღირებულებაც 30 მილიონი ნორვეგიული კრონია (დაახლოებით $3 მილიონი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის კურსით. - რედ). ხიდები უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დამონტაჟდება", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს თქმით, დროებითი ნაგებობები გამოდგება მძიმე მანქანების გადაადგილებისთვის - სატვირთო მანქანები ჰუმანიტარული დახმარებით, სასწრაფო დახმარების მანქანები, სახანძრო მანქანები, სარემონტო ბრიგადები.
"ნორვეგია გახდა მესამე ქვეყანა, რომელმაც უკრაინას საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. დროებითი ხიდები უკვე მიღებულია ჩეხეთიდან და საფრანგეთიდან", - აცხადებენ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
უკრაინა მალე ხიდებს შვედეთიდან და ჩეხეთიდანაც ელოდება.