ნულანდი: უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს კიდეც

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე და აშშ-ს მხარდაჭერაზე უკრაინულ РБК-სთან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.

ნულანდის თქმით, აშშ თავიდანვე იმ აზრის ერთგული იყო, რომ უკრაინაში შეჭრა ვლადიმირ პუტინისთვის სტრატეგიული მარცხი უნდა გამხდარიყო, თუმცა გლობალური თვალსაზრისით ყველაფერი უკრაინელების წარმატებული და გმირული ბრძოლის შემდეგ შეიცვალა:

"სხვა რაღაცეებთან ერთად სწორედ უკრაინელების გმირული თავდაცვა გახდა იმის წინაპირობა, რომ დღეს უკრაინა ყველა იმ შეიარაღებას იღებს, რაც მას ჭირდება და ამას 30-ზე მეტი სახელმწიფოსგან შემდგარი კოალიცია ახორციელებს. თუ პუტინი კვლავ შეეცდება უკრაინას აიძულოს კაპიტულაცია, უკრაინელები ბრძოლას გააგრძელებენ და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენ დახმარებას სანამ ეს ბრძოლა არ იქნება მოგებული."

ვიქტორია ნულანდის განმარტებით, სანქციების გამო ვლადიმირ პუტინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მას არ შეუძლია დაკარგული ტექნიკის ჩანაცვლება:

"მას არ ჰყოფნის რუსეთის ახალგაზრდობა, რომელიც მზად იქნებოდა ჩართულიყო ამ ბოროტ, უაზრო, სასტიკ და ამორალურ ომში. აქედან გამომდინარე ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას შეუძლია გამარჯვება და გაიმარჯვებს კიდეც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება მაქსიმალურად სწრაფად". 

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ისაუბრა უკრაინის გრძელვადიან დახმარებასა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხზეც. ნულანდის თქმით, აშშ მზად არის უკრაინა უზრუნველყოს მუდმივი და გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერით, რომელიც გააძლიერებდა ქვეყნის დაზვერვას და მის თავდაცვისუნარიანობას, "ეს კიდევ ერთხელ დააფიქრებდა პუტინს იმ შემთხვევაში თუ კვლავ გადაწყვეტდა უკრაინაზე თავდასხმას".

ნულანდის თქმით, აშშ ასევე მზად არის განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის:

"ასევე დგას საკითხი, რომ თუ უკრაინა მოითხოვს რაიმე ტიპის საერთაშორისო სამშვიდობო მისიას, რომელიც დააკვირდებოდა რუსული ჯარების გაყვანის პროცესს შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში და ასევე, უზრუნველყოფდა უკრაინის საზღვრის უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ, რათა გვქონდეს გარანტიები, რომ როცა უკრაინა ამ ომს მოიგებს, ეს ყველაფერი აღარ განმეორდეს." 

 

მსგავსი სიახლეები