NYT: სუროვიკინმა იცოდა, რომ პრიგოჟინი ამბოხს ამზადებდა
უკრაინაში საოკუპაციო ძალების მეთაურის მოადგილემ, სერგეი სუროვიკინმა იცოდა, რომ ევგენი პრიგოჟინი შეიარაღებულ ამბოხს ამზადებდა.
ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ სუროვიკინმა დანამადვილებით იცოდა ევგენი პრიგოჟინის გეგმების შესახებ, თუმცა მათთვის უცნობია მონაწილეობდა თუ არა თავად გენერალი ამბოხებაში. აშშ-ს დაზვერვა ამ ეტაპზე სწორედ ამ საკითხის დაზუსტებას ცდილობს.
გამოცემის მიერ გამოკითხული ყოფილი და მოქმედი ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ პრიგოჟინი არ დაიწყებდა ამბოხს თუ არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ თავდაცვის სამინისტროს ზოგი მაღალჩინოსანი მას დაუჭერდა მხარს.
ამავე აზრზეა აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი - "დააკვირდით რა მარტივად დაიკავეს ამბოხებულებმა როსტოვი, რუსეთში, სადაც ყველგან შეიარაღებული დაცვა დგას, უცებ არ არის არავინ, რომელსაც რამის გაკეთება შეუძლია. ამ ამბოხის მიმდინარეობისას ძალიან ბევრი უცნაური რამ მოხდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შეთქმულება მართლაც არსებობდა."
კონტექსტი
პრიგოჟინის ამბოხის დაწყებიდან მალევე სერგეი სუროვიკინმა ვაგნერელებს მიმართა და მათ ამბოხის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ვიდეო მიმართვაში სუროვიკინი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა რუსეთის არმიის მოწინავე პოზიციებიდან.
სავარაუდოა, რომ სუროვიკინის ვიდეო რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ადმინისტრაციის შტაბშია ჩაწერილი, რომელიც დილის საათებში ვაგნერმა დაიკავა. ამ დროის შემდეგ სერგეი სუროვიკინი მედიასთან არ გამოჩენილა.