ოდესის ეპისკოპოსის წერილი კირილს: თქვენ მიერ კურთხეული რაკეტა საკურთხეველს დაეცა

ოდესის ეპარქიის ვიკარმა, არციზის მთავარეპისკოპოსმა ვიქტორმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს და სინოდის ყველა წევრს, კვირას ღამით ოდესაში რუსული ჯარების მიერ ტაძრის დაბომბვასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა.

წერილი წმინდა ელიას მონასტრის Telegram-ზე გამოქვეყნდა.

"დღეს, როცა ოდესის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში კომენდანტის საათის დასასრულს მივედი, დავინახე, რომ თქვენ მიერ კურთხეული რუსული რაკეტა პირდაპირ წმიდათა ტაძრის საკურთხეველს დაეცა და მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას თქვენს გაგებასთან დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო.

თქვენი პირადი ამბიციების გამო დაკარგეთ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია და სხვა ეკლესიები "წმინდა რუსეთის" ქვეყნებში!

ენა არ მიბრუნდება, რომ "დიდი უფალი და მამა" გიწოდოთ, რადგან თქვენ ხართ მამა, რომელმაც შვილები სიკვდილსთვის გაწირა!" - წერს მთავარეპისკოპოსი ვიქტორი.

მან კირილს სთხოვა, ყურადღება მიაქციოს იმ ფაქტს, რომ 2022 წლის 27 მაისს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭოზე გადაწყდა, რომ ეკლესია, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო ხელმძღვანელობდა, აღარ არის მისი კონტროლის ქვეშ.

"მოვითხოვთ დატოვოთ ჩვენი ეკლესია, ჩვენი ეპისკოპოსები და ჩვენი წინამძღვარი! ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, რომელიც აირჩია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭომ. გულწრფელად გთხოვთ, შეწყვიტოთ. ყოველ რაკეტას, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მოფრინავს, მისი მაცხოვრებლები აღიქვამენ, როგორც თქვენს "კურთხევას" მათი შვილებისთვის." - ნათქვამია წერილში.

ოდესის ფერისცვალების ეკლესია რუსეთის დაბომბვის შემდეგ

კონტექსტი

კვირას ღამით რუსებმა ოდესისკენ სხვადასხვა ტიპის 19 რაკეტა გაისროლეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 9 რაკეტა ჩამოაგდეს.

თავდასხმის შედეგად დაინგრა ოდესის ფერისცვალების ტაძარი.

ამავე ღამეს ოდესის ისტორიულ ცენტრში, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის 25 არქიტექტურული ძეგლი დაზიანდა.

დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა - 20, მათ შორის 4 ბავშვი. დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობა.

მსგავსი სიახლეები