ოკუპირებული ყირიმის პოლიგონზე ЗСУ-ს დარტყმის შემდეგ მასშტაბური ხანძარია

ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ ტყვია-წამლის საწყობი მასშტაბურმა ხანძარმა მოიცვა. 

სამხედრო ობიექტზე საბრძოლო მასალის დეტონაციის ხმები ამ დრომდე გრძელდება. შეწყვეტილია მოძრაობა "ტავრიდას" ავტო მაგისტრალზე და ევაკუაცია გამოცხადდა 4 დასახლებულ პუნქტში. 

საწყობზე აფეთქებების კადრები თავდაპირველად ადგილობრივ და Z-ტელეგრამ არხებში გავრცელდა. მალევე გამოჩნდა ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - სერგეი აქსიონოვმა დაადასტურა, რომ სამხედრო ობიექტზე ხანძარია, თუმცა არ დაუკონკრეტებია მომხდარის მიზეზი. 

ადგილობრივების ცნობით, ხანძარს წინ უძღოდა რაკეტის მოფრენის ხმები. ЗСУ-ს სარაკეტო დარტყმის ვერსიას ავრცელებენ ე.წ. ვოენკორებიც. ერთ-ერთი მათგანის ცნობით, უკრაინამ მოდიფიცირებული საბჭოთა ГРОМ 2-ის დანადგარი გამოიყენა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული წყაროები არ გამორიცხავენ დარტყმას Storm Shadow-ს სისტემებით. აფეთქებები ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე მდებარე პოლიგონზე 4:30 დაიწო და ამ დრომდე გრძელდება. იზრდება ხანძრის მასშტაბით, რომლის ზონაშიც 4 დასახლებული პუნტქი და ტავრიდას მაგისტრალია. 

17 ივლისს ყირიმის ხიდის მეორედ აფეთქების შემდეგ, დღევანდელი შემთხვევა ყირიმის მიმართულებით გაზრდილ სამხედრო შესაძლებლობებზე მიანიშნებს. 

მომხდარს გამოეხმაურა დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, იგორ სტრელკოვი - "ამ საათისთვის ჩვენი საბრძოლო მასალების საწყობები და სამეთაურო შტაბები პირადი შემადგენლობით ერთი მეორეს მიყოლებით ფეთქდება."

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ უკრაინულ მხარეს. 

კონტექსტი

გასული ღამის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე მორიგი სარაკეტო და დრონების მასირებული შეტევა განხორციელდა. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მუშაობის და აფეთქებების ხმები ისმოდა უკრაინის რამდენიმე ქალაქში განსაკუთრებით კი ოდესასა და მიკოლაივში. ოდესაში დაშავებულია 13 მშვიდობიანი უკრაინელი.

 

მსგავსი სიახლეები