ომის დაწყების შემდეგ უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა მოხდა
ბოლო საათებში, შესაძლოა, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა მოხდა.
ამის შესახებ ცნობები უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წინასწარი მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დროის მოკლე მონაკვეთში 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.
შედარებისთვის, აქამდე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა 10 ოქტომბერს მოხდა, როდესაც უკრაინის მიმართულებით ერთდროულად 84 რაკეტა გაისროლეს. სწორედ ამ დღეს დაიწყო რუსეთის არმიამ მასირებული სარაკეტო კამპანია, რომლის მთავარი მიზანიც უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაა.
სარაკეტო შეტევების უდიდესი ნაწილი კიევსა და უკრაინის ჩრდილოეთ რაიონებზე მოდის.
რაკეტების ნაწილი მოხვდა საცხოვრებელ სახლებსაც, ამ დროისთვის ცნობილია ერთი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ.
სარაკეტო შეტევების შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა კიევის მაცხოვრებლების ნახევარზე მეტი. "დედაქალაქში ვითარება კრიტიკულია, წესდება ავარიული გათიშვების გრაფიკი. უკრენერგო იძულებულია დაიწყოს საგანგებო გათიშვები ენერგოსისტემის ბალანსირებისთვის", - ნათქვამია ზელენსკის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.