ომის შემდეგ ბაიდენი 2 სახელმწიფოს გადაწყვეტაზე პროცესის განახლებას გეგმავს
ღაზაში მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ ჯო ბაიდენი ისრაელსა და პალესტინას შორის 2 სახელმწიფოს გზაზე მოლაპარაკებების ახალი პროცესის ინიცირებას გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს.
გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ 2 სახელმწიფოს გადაწყვეტაზე საუბრის დაწყება ჯო ბაიდენის რიტორიკის ცვლილებაა - ამ დრომდე ამერიკელი პრეზიდენტი ძირითადად ფოკუსირებული იყო კონფლიქტის მასშტაბის შეკავებაზე.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ბაიდენმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბრამდე არსებული სტატუს-კვო ვეღარ იარსებებს - "ჰამასი ვეღარ გააგრძელებს ისრაელის მოქალაქეების ტერორიზებას, მიმდინარე კრიზისის დასრულების შემდეგ, უნდა არსებობდეს მომავლის გრძელვადიანი ხედვა, ჩვენი აზრით ეს უნდა იყოს 2 სახელმწიფოს გადაწყვეტა."
ჯო ბაიდენი ბოლო ათწლეულებში პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იყო, რომელსაც მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრაზე საუბარი 2 სახელმწიფოს გადაწყვეტით არ დაუწყია. ინაუგურაციის შემდეგ ბაიდენი ამბობდა, რომ 2 სახელმწიფოს გადაწყვეტისთვის შესაბიმისი პოლიტიკური პირობები არ არსებობდა.
ბაიდენის ადმინისტრაცია 2 სახელმწიფოს პერსპექტივის შენარჩუნების ფონზე ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შეკავებას ცდილობდა. ახლო აღმოსავლეთში ბაიდენის გუნდის მთავარი ძალისხმევა ე.წ. აბრაამის შეთანხმებების გაგრძელებისა და გაფართოებისკენ იყო მიმართული.
ადმინისტრაცია გასული 2 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ისტორიული შეთანხმების გაფორმებაზე. ჰამასის თავდასხმამდე ამერიკული წყაროები მოლაპარაკებების პროცესში საგრძნობ პროგრესსზე საუბრობდნენ. დასავლური მედიების ცნობით, ჰამასის თავდასხმის მომენტისთვის მხარეები უკვე შეთანხმების პალესტინურ კომპონენტს განიხილავდნენ.
სექტემბერში ჯო ბაიდენისა და ბიბი ნეთანიაჰუს შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საუდის არაბეთთან პოტენციური შეთანხმება უნდა მოიცავდეს 2 სახელმწიფოს პერსპექტივას.
ავსტრალიის პრემიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა განაცხადა, ჰამასის თავდასხმის დრო საუდის არაბეთისა და ისრაელის ისტორიული შეთანხმების კომპრომეტირების სურვილით იყო ნაკარნახევი.
24 ოქტომბერს ჯო ბაიდენსა და საუდის არაბეთის კრონ-პრინცს შორის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. გავრცელებულ პრეს-რელიზებში ნათქვამი იყო, რომ მხარეები სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ბედი ეწევა საუდის არაბეთისა და ისრაელის ისტორიულ შეთანხმებას.
კონტექსტი
2 სახელმწიფოს გადაწყვეტა უკვე ათწლეულებია დასავლელი დიპლომატებისთვის მიუღწეველია სურვილია. რთული სათქმელია რამდენად შესაძლებელი იქნება ომის დასრულების შემდეგ ახალი სამშვიდობო პროცესის ინიცირება რეგიონული მოთამაშეების მხარდაჭერით.
რეგიონში დაძაბულობის ხარისხი ე.წ. მეორე ინტიფადის შემდეგ უპრეცედენტოა. პროცესს შესაძლოა ხელი შეუშალოს სახმელეთო ოპერაციამ, რასაც მაღალი ალბათობით მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი მოჰყვება.
საყურადღებოა ისიც, რომ ისრაელს თავის ისტორიაში ყველაზე რადიკალური-მემარჯვენე მთავრობა ჰყავს, რომლის წარმომადგენლებიც ჰამასის თავდასხმამდეც გამორიცხავდნენ 2 სახელმწიფოს არსებობის შესაძლებლობას.