ორბანი: ვიგრძენი, რომ კიევის და მოსკოვის პოზიციები ძალიან დაშორებულია

ორბანის თქმით, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაიაზრა, რომ მიმდინარე ომთან დაკავშირებით კიევისა და მოსკოვის პოზიციები ძალიან დაშორებულია. 

ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"ვიგრძენი, რომ პოზიციები ძალიან დაშორებულია, რომ საჭიროა ბევრი ნაბიჯის გადადგმა მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დიალოგისკენ უკვე გადადგმულია" - განაცხადა ორბანმა. 

უნგრეთის პრემიერის თქმით, ის მზად არის გააგრძელოს თავისი "სამშვიდობო მისია."

ამავე პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოლაპარაკებების დაწყებამდე გამორიცხულია. პუტინის ერთ-ერთი წინაპირობაა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანა უკრაინის იმ 4 რეგიონიდან, რომლის ნაწილებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. 

კონტექსტი 

2 ივლისს ორბანი ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად იმყოფებოდა უკრაინაში. უნგრეთის პრემიერმა ვიზიტი ევროკავშირში მისი ქვეყნების თავმდჯომარეობის დაწყებას დაუკავშირა. 

კიევში მყოფმა ორბანმა, ზელენსკის შესთავაზა ეფიქრა ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებამდე. 

ორბანის თქმით, ის არ ეწინააღმდეგება ომის შეწყვეტის უკრაინულ გეგმას, თუმცა მისი აზრით, ამის მიღწევა საერთაშორისო დიპლომატიის წესების გამო უკიდურესად რთული მისაღწევი იქნება და პროცესი გაჭიანურდება. 

"სწორედ ამიტომ, მე შევთავაზე ბატონ პრეზიდენტს იფიქროს ხომ არ არსებობს სხვა გზა: შევაჩეროთ ომი და შემდეგ დავიწყოთ მოლაპარაკებები რუსეთთან, რადგანაც ცეცხლის შეწყვეტა დააჩქარებდა მოლაპარაკებების პროცესს" - განაცხადა ორბანმა. 

ორბანისვე თქმით, ზელენსკიმ არ დაეთანხმა მის ინიციატივას. ამასთანავე, მოლაპარაკებებამდე ცეცხლის შეწყვეტა გამორიცხა ვლადიმირ პუტინმა.

მოსკოვში ორბანის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. "რუსეთი აგრესორია, უკრაინა მსხვერპლია, ვერ იქნება ვერანაირი საუბრები უკრაინის გარეშე"- წერს მიშელი. 

მსგავსი სიახლეები