ორბანი: უნგრეთი არ დაბლოკავს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში
უნგრეთის პრემიერი კვლავ აკრიტიკებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ამბობს, რომ არ შეეწინაღმდეგება ამ პროცესს.
ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა მედია ჯგუფ Funke-სთან საუბრისას განაცხადა.
ორბანის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება "წმინდად პოლიტიკური მიზეზებითაა მოტივირებული. მისი თქმით, აუცილებელია, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესაძლო შედეგებისა და გავლენის დეტალური ანალიზი.
"უნგრეთი არ ეთანხმება ამ პროცესს, მაგრამ ჩვენ არ ვბლოკავთ ამ გადაწყვეტილებას",- ამბობს ორბანი.
კონტექსტი
გასულ კვირას უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი უკრაინაში სამხედრო მისიის ორგანიზებას აპირებს, თუმცა მისი ქვეყანა ინიციატივას არ შეუერთდება.
გასულ დღეებში დასავლური მედია წერდა, რომ ორბანმა მიაღწია კომპრომისს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან - უნგრეთს არ ექნება ვალდებულებები უკრაინის სამხედრო დახმარების კუთხით და სანაცვლოდ არ დაბლოკავს ალიანსის ერთობლივ გადაწყვეტილებებს.
ასევე ცნობილი გახდა იმის, შესახებ, რომ უნგრეთი აღარ დაბლოკავს მარკ რიუტეს კანდიდატურას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე.