ორბანის თქმით, უკრაინა შესაძლოა „ბუფერული ზონა“ იყოს რუსეთს და დასავლეთს შორის
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა შესაძლოა რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის „ბუფერული ზონა“ იყოს, რომელიც უსაფრთხოების გარკვეული გარანტიებით იქნება უზრუნველყოფილი, თუმცა არი იქნება არც ნატო-ს და არც ევროპის კავშირის წევრი ქვეყანა.
„ჩვენ მოგვწონს თუ არა, უკრაინელებს მოსწონთ თუ არა, უკრაინა რუკაზე არის იქ, სადაც არის. მისთვის საუკეთესო პერსპექტივაა, რომ „ბუფერული ზონა“ იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის - უსაფრთხოების გარანტიებით, რა თქმა უნდა. თუ ეს ვერ მოხერხდება, უკრაინა თავის მიწებს დაკარგავს. რუსები უკრაინას ისევ და ისევ და ისევ გაანადგურებენ. რუსეთი არასდროს დათანხმდება თავის ზღურბლზე ნატო-ს და ევროპის კავშირის წევრი უკრაინის არსებობას. არასდროს“, - ვიქტორ ორბანი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე უნდა დაეწყო, მაშინ როდესაც „რუსეთი ძალიან სუსტი იყო იმისთვის, რომ ნატო-ს გაფართოებისთვის ხელი შეეშალა“.
„ჩვენ ვერ შევძელით უკრაინასთან და საქართველოსთან გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წარმატებით დაგვესრულებინა, რის გამოც დავკარგეთ უკრაინის, როგორც ევროპის კავშირისა და ნატო-ს მომავალი წევრის პერსპექტივა“, - ვიქტორ ორბანი.
მოსაზრებაზე, რომლის თანახმადაც, ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა „უკრაინის დე ფაქტო დამარცხებას ნიშნავს“, ორბანმა განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, თუ საომარი მოქმედებები გაგრძელდება, უკრაინამ შესაძლოა მეტი ტერიტორია დაკარგოს. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ევროპა "არ არის იმ მდგომარეობაში", რომ უკრაინას საკმარისი იარაღი მიაწოდოს ომის მოსაგებად, რადგან ევროპის კავშირის ქვეყნების მოსახლება ისედაც უკმაყოფილებას გამოთქვამს უკრაინისთვის აქამდე გაწეული სამხედრო დახმარების თაობაზე.