ორბანმა შვედეთის პრემიერ-მინისტრი უნგრეთში მიიწვია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მან შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი ბუდაპეშტში მიიწვია ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხის განსახილველად.
"დღეს მე შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს უნგრეთში მოწვევის წერილი გავუგზავნე შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების მიზნით." - დაწერა ორბანმა X-ზე.
უნგრეთი და თურქეთი ბოლო ორი ქვეყანაა, რომლებმაც ჯერ შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ეროვნულ პარლამენტებში არ მოახდინეს და ამით მის სრულუფლებიან წევრობას ბლოკავენ.
დეკემბრის ბოლოს თურქეთის პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა პროექტი დაამტკიცა. მედიის ცნობით, 23 იანვარს ის შესაძლოა პარლამენტს განსახილველად წარედგინოს.
ორბანის შტაბის უფროსმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შვედური მხარე "უნგრეთთან კონტაქტს არ ამყარებს," თითქოს მათთვის მნიშვნელოვანი არ არის საკითხის სწრაფად მოგვარება. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ უნგრეთს არ სურს იყოს ბოლო ქვეყანა, რომელიც შვედეთის გაწევრიანებას დაამტკიცებს.