პალესტინელების 70%-ზე მეტი ამართლებს 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმას - კვლევა
"პალესტინის პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის" მიერ 20 მარტს გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ჰამასის მხარდაჭერის დონე მცირდება როგორც ღაზას სექტორში, ასევე დასავლეთ სანაპიროზე, თუმცა მათი რაოდენობა, ვინც თვლის, რომ 7 ოქტომბრის ტერორისტuli თავდასხმა "სწორი" იყო, პრაქტიკულად უცვლელია.
კვლევის თანახმად, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების 71% მხარს უჭერს 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტას, რომლის დროსაც ტერორისტებმა დაახლოებით 1200 ადამიანი მოკლეს და 253 - გაიტაცეს.
მიუხედავად იმისა, რომ საერთო მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩა, 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის მხარდაჭერა ღაზაში ბოლო სამი თვის განმავლობაში 57%-დან 71%-მდე გაიზარდა და დასავლეთ სანაპიროზე 82%-დან 71%-მდე შემცირდა.
რესპონდენტებმა მაღალი შეფასება მისცეს "ჰამასის" ლიდერს ღაზაში იაჰია სინვარს - 61%. თუმცა, დეკემბერში მის საქმიანობას დადებითად 69% აფასებდა.
კვლევის ერთ-ერთი კითხვა იყო ვის მისცემდნენ ხმას პალესტინელები, თუ დღეს ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება: ჰამასი - 30%, ფათაჰი - 14%, არცერთი - 15%, სხვა პარტიები - 6%, ხოლო 36% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული ღაზელების 60% ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრი ომის დროს მოკლეს, ხოლო 68% აცხადებს, რომ მათი ოჯახის წევრი დაშავდა. გამოკითხულთა მხოლოდ 22% ამბობს, რომ მათი ოჯახის არც ერთი წევრი არ მოუკლავთ ან დაუჭრიათ.
5-10 მარტს ჩატარებული კვლევის ფარგლებში 1580 ადამიანი გამოიკითხა, მათგან 830 დასავლეთ სანაპიროზე და 750 ღაზას სექტორში.