პარიზის მერი: თუ 2024-ში ომი იქნება, რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე არ უნდა ჩამოვიდნენ

ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზის მერს, ან იდალგოს და ევროკავშირის რეგიონების კომიტეტის პრეზიდენტს, ვასკო კორდეიროს შეხვდა.

ამ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზელენსკიმ იმ დახმარების მასშტაბი აღნიშნა, რომელიც პარიზმა და ევროკავშირის რეგიონების კომიტეტმა უკრაინას ომის დაწყებიდან გადასცა.

უკრაინის ლიდერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საფრანგეთის დედაქალაქის მერს, ათიათასობით იძულებით გადაადგილებული უკრაინელის მხარდაჭერისთვის, რომლებსაც პარიზმა თავშესაფარი მისცა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა გამოყო ან იდალგოს ურყევი პოზიცია რუსი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებში, პირველ რიგში, მომავალ წელს გასამართ პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით.

სამიტზე გამოსვლისას პარიზის მერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ 2024 წელს უკრაინაში ომი იქნება, რუსი სპორტსმენები პარიზში არ უნდა ჩავიდნენ.

"ჩვენ უაღრესად ერთგული ვართ ოლიმპიური თამაშების მიმართ. ჩემთვის პარიზი არის ადამიანის უფლებათა დედაქალაქი. და არა მხოლოდ ჩემთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ოლიმპიური მოძრაობის ღირებულებები. ჰუმანიზმის ღირებულებები. ევროპული ღირებულებები. 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, თუ ომი გაგრძელდება, თუ რუსები კვლავ გააგრძელებენ შეტევას, ეს ნიშნავს, რომ ისინი ჩვენ და ჩვენს ღირებულებებს დაესხნენ თავს. მე ვფიქრობ, რომ თუ ომი გაგრძელდა, პარიზში რუსი სპორტსმენების მიღება არ შეიძლება." - აღნიშნა იდალგომ.

ზელენსკიმ საფრანგეთის დედაქალაქის მერს "მაშველი ქალაქის" საპატიო ჯილდო გადასცა, რომელიც მისი განკარგულებით პარიზს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები