პელოსის აზიის ტურნეს გეგმებში, ტაივანში ვიზიტი გათვალისწინებული არ არის
აშშ-ს კონგრესის სპიკერმა აზიის ტურნეს დეტალები გამოაქვეყნა, პელოსის გეგმებში არ არის ნახსენები ვიზიტი ტაივანში.
არსებული გეგმით, პელოსი 4 აზიურ ქვეყანას ეწვევა, ესენია: სინგაპური, მალაიზია, იაპონია და სამხრეთ კორეა.
"ამ ქვეყნებში ჩვენ გავმართავთ მაღალი დონის შეხვედრებს, რათა განვიხილოთ როგორ დავიცვათ და გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესები",- ნათქვამია პელოსის ოფისის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.
აზიური ტურნეზე საუბრისას პელოსიმ განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანია კიდევ ერთხელ დაადასტუროს და ხაზი გაუსვას აშშ-ს ერთგულებას აზიური მოკავშირეებისა და მეგობრების მიმართ. პელოსის დელეგაციაში სულ 6 კონგრესმენია.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პელოსი იაპონიის შემდეგ ტაივანსაც ეწვეოდა, რამაც ჩინეთის უკმაყოფილება გამოიწვია. ამ საკითხს შეეხნენ აშშ-ს და ჩინეთის ლიდერებიც სატელეფონო საუბარში.
სი ძინფინგმა ჯო ბაიდენი გააფრთხილა არ ეთამაშონ ცეცხლს. თავის მხრივ პელოსის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატა აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ - პენტაგონში განაცხადეს, რომ ტაივანში პელოსის ვიზიტი კარგი იდეა არ არის.
ჩინეთი და ტაივანი - მოკლე გზამკვლევი
ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად ტაივანს დამარცხებული გენერალი ჩან კაიშის პარტია მართავდა.
ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს კუნძული თუნდაც ძალის გამოყენებით.
ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები.
ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს, მთელი მსოფლიო კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს.
ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტაბები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს.