პერუს პრეზიდენტი მარქსისტი პედრო კასტილიო გახდა
პერუს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით ქვეყნის ახალი პრეზიდენტი მარქსისტი პედრო კასტილიო გახდება. საპრეზიდენტო არჩევნები პერუში აპრილში ჩატარდა, თუმცა ყველა საჩივრის განხილვა და ხმების გადათვლის პროცესი 20 ივლისამდე გაგრძელდა.
კასტილიომ საპრეზიდენტო რბოლაში 44 000-ით ხმით დაამარცხა ქვეყნის ყოფილი დიქტატორის შვილი და მისი მთავარი კონკურენტი, კეიკო ფუხიმორი.
პედრო კასტილიო პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად 28 ივლისს დაიკავებს.
ყოფილი სკოლის მასწავლებელი პერუს პოლიტიკურ ცხოვრებაში მის მიერ ორგანიზებული გაფიცვების შემდეგ ჩაერთო. კასტილიოს პოპულისტური წინასაარჩევნო კამპანია ჰქონდა, რომლის მთავარი დაპირება ახალი კონსტიტუციის მიღება და სოციალური საკითხების მოგვარება იყო.
კასტილიო საუბრობდა ბიზნეს ჯგუფების ინტერესების მოთოკვაზე, გადასახადების გაზრდასა და სპილენძის მომპოვებელი საბადოების ნაციონალიზაციაზე. მისმა გამარჯვებამ გაურკვევლობაში ჩააგდა ქვეყნის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა, ეს გაურკვევლობა კასტილიოს გეგმებითაა გამოწვეული.
საარჩევნო კამპანიის საწყის ეტაპზე კასტილიო გაცილებით უფრო თამამ დაპირებებს გასცემდა, თუმცა ბოლო კვირებში მისი დაპირებები ნაკლებად რადიკალური გახდა, ასევე მის გუნდში აღმოჩნდნენ შედარებით უფრო მოზომილი ეკონომიკური პოლიტიკის მომხრე მრჩეველები.
კასტილიოს გამარჯვებას გამოეხმაურა პერუელი მწერალი და ერთ დროს ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი მარიო ვარგას ლიოსაც. მისი თქმით, კასტილიო ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და იგი შეეცდება ქვეყანა კუბასა და ვენესუელას დაამსგავსოს და ქვეყანაში ავტორიტარული კომუნისტური მოდელი დაამყაროს.
კასტილიოს პარტიამ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებშიც - 130 შესაძლებელი მანდატიდან 37 ადგილი მოიპოვა, მეორე ადგილზე აქაც კეიკო ფუხიმორის პარტია გავიდა, რომელსაც პარლამენტში 24 დეპუტატი ეყოლება.