პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში რადიკალი მემარცხენე პედრო კასტილიო ლიდერობს
პერუში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარცხენე რადიკალი კანდიდატი პედრო კასტილიო ლიდერობს. Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზითპოლების მიხედვით, პერუში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც კასტილიოს კონსერვატორული პარტიის ლიდერი და ქვეყნის ყოფილი დიქტატორის, ალბერტო ფუხიმორის შვილი კეიკო ფუხიმორი დაუპირისპირდება.
პროფკავშირების ყოფილმა ლიდერმა და მასწავლებელმა, პედრო კასტილიომ პირველ ტურში ხმათა 18.6% მიიღო, ხმათა 14.5% მიიღო კეიკო ფუხიმორიმ. ამ დროისთვის დათვლილია ხმათა 69%. მოლოდინებზე საგრძნობლად უფრო ცუდი შედეგი დააფიქსირა პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ცნობილმა ლიბერტარიანელმა ეკონომისტმა, ჰერნანდო დე სოტომ. წინასწარი კვლევები დე სოტოს მეორე ადგილს და ხმათა 14%-ს პროგნოზირებდნენ, თუმცა ეგზითპოლების მონაცემებით დე სოტო ხმათა 10.8%-ით მეოთხე ადგილზეა. ხმათა 11.9%-ით ჯერჯერობით მესამე ადგილს იკავებს რადიკალი მემარჯვენე რაფაელ ლოპეზ ალიაგა.
პედრო კასტილიოს ლიდერობა დაადასტურა ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, რომლის პირველადი შედეგების მიხედვით, კასტილიომ 15.8% მიიღო. კასტილიოს პოპულისტური წინასაარჩევნო კამპანია ჰქონდა, მისი მთავარი დაპირება ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა, ბიზნეს ელიტების დასუსტება და სპილენძის, ნავთობისა და გაზის მოპოვების სექტორებში სახელმწიფოს როლის გაზრდა იყო.
კასტილიოს საპირისპიროდ, თავისუფალი ბაზრის და სახელმწიფოს შეზღუდული როლის მომხრეა კონსერვატორი კეიკო ფუხიმორი, რომლის მამაც, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პატიმრობაში იმყოფება. წინასაარჩევნო კამპანიაში სხვადასხვა ბრალდებები ისმოდა კეიკო ფუხიმორის მიმართაც, მას ერთ-ერთი ბრაზილიური კომპანიისგან დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებდნენ.
ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, პედრო კასტილიო მშობლიურ ქალაქ კახამარკაში მომხრეებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა. პირველადი შედეგების მიხედვით, კასტილიო ქვეყნის უღარიბეს 5 რეგიონში ლიდერობს, კასტილიოს მხარდაჭერა მაღალია ახალგაზრდებშიც, რომელთაც მიმდინარე წელს ანტი-სამთავრობო აქციები მოაწყვეს.
საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად პერუელები ქვეყნის პარლამენტსაც ირჩევდნენ. ეგზითპოლების მიხედვით 5%-იან საარჩევნო ბარიერი 11-მა პარტიამ გადალახა. წინასწარი შედეგებით უმრავლესობის მოპოვებას ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს. საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად საპარლამენტო არჩევნებშიც კასტილიოს პარტია თავისუფალი პერუ ლიდერობს, რომელმაც ხმათა 10.8% მიიღო, 10.7%-ით მეორე ადგილზეა, იონი ლესკანოს პარტია.
9.5% მიიღო ფუხიმორის პარტიამ, 8.8% რაფაელ ლოპეზ ალიაგას პარტიამ, ხოლო ჰერნანდო დე სოტოს პარტიამ 8.4%. გარდა ამის 7%-ზე მეტი აიღო კიდევ ორმა პარტიამ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.
ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღას ებრძვის, ბოლო დღეებში ინფიცირების სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაუარესდა. შაბათს, 10 აპრილს ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვალების რეკორდული 384 შემთხვევა დაფიქსირდა.