პერუში საპროტესტო აქციების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, პერუს ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ძალაში 30 დღის განმავლობაში იქნება. ეს რეჟიმი 14 დეკემბერს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ლუის ოტაროლამ გამოაცხადა.
მოქალაქეებს პერუში შეკრების უფლება დროებით აღარ აქვთ და სამხედროები დამატებით უფლებამოსილებებს მიიღებენ. ამასთანავე, გადაწყდა, რომ ამ დროისთვის კომენდანტის საათი არ დაწესდება.
ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა დინა ბოლუარტემ მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. "პერუში სისხლი არ უნდა დაიღვაროს", - თქვა მან.
ქვეყნის სამხრეთში, გადაყენებული პრეზიდენტის, პედრო კასტილიოს ათასობით მხარდამჭერი კვლავ გამოვიდა ქუჩებში და მისი გათავისუფლება მოითხოვა. ასევე რამდენიმე პროფკავშირმა გაფიცვა დაიწყო.
პერუში საპროტესტო აქციები პრეზიდენტ პედრო კასტილოს გადაყენების შემდეგ დაიწყო. 7 დეკემბერს პარლამენტმა მას "მორალური წარუმატებლობისთვის" იმპიჩმენტი გამოუცხადა. რამდენიმე საათის შემდეგ კასტილო პოლიციამ დააკავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
კასტილიოს ბრალად ედება კონსტიტუციური წესრიგის შელახვის და გადატრიალების მცდელობა. დაკავების შემდეგ მან მექსიკას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ამ დროისთვის პრეზიდენტი კვლავ წინასწარ პატიმრობაშია.
პედრო კასტილიოს თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობების შესრულება მისმა მოადგილემ, დინა ბოლუარტემ დაიწყო. აქციის მონაწილეები მის გადადგომას, კასტილიოს გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. მასობრივი დემონსტრაციებისა და პოლიციასთან შეტაკების შედეგად ამ დროისთვის შვიდი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.