პესიმისტური მოლოდინები – აშშ-მ და ირანმა ბირთვული მოლაპარაკებები განაახლეს

 

მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების დელეგაციები აშშ-ის მეთაურობით ვენაში ირანთან ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადებიან. პროცესის განახლების მიუხედავად ნაკლებ სავარაუდოა, რომ მხარეები რამენაირ გარღვევას მიაღწევენ.

ამგვარი ვარაუდის საშუალებას ირანის ხელისუფლების პოზიცია იძლევა -  რეგიონის ექსპერტების აზრით, ისლამური რესპუბლიკა შეთანხმებაზე მეტად დროის მოგებას ცდილობს. 

დიპლომატების აზრით, ბირთვული შეთანხმების აღსადგენად გონივრული ვადა უკვე იწურება. 2018 წელს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და ირანს ახალი სანქციები დაუწესა. შეთანხმებაში აშშ-სა და ირანის გარდა მონაწილეობდნენ ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. 

 

პესიმისტური მოლოდინები

 

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი მოჰამად ესლამი ბუშერის ბირთვულ ობიექტზე. 2021 წლის ოქტომბერი

ხელახალი შეთანხმების შანსებს ამცირებს ისიც, რომ მიმდინარე წლის აპრილ-ივნისის პერიოდში მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ვითარება დღეს კიდევ უფრო რთულია, ივნისში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი ულტრა-კონსერვატორი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაახლოებული ებრაჰიმ რაისი გახდა. ამგვარად, ისლამური რესპუბლიკის ყველა შტოს დასავლეთთან მკაცრი პოლიტიკის და ნულოვანი დათმობის მომხრეები აკონტროლებენ.

ხელისუფლების ცვლილება უკვე აისახა ირანის დელეგაციის შემადგენლობასა და მოთხოვნებზე, რომელსაც დასავლელი დიპლომატები არარეალისტურად მიიჩნევენ. ირანის დელეგაცია აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს, მათ შორის იმ სანქციებისაც, რომლებიც არ იყო დაკავშირებული ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან. 

კონფლიქტი გამწვავდა ირანის მთავრობასა და საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტოს შორისაც. სააგენტოს ცნობით, ირანს არ შეუწყვეტია ურანის გამდიდრების პროცესი და მათ დამკვირვებლებს ადგილზე უხეშად ექცევიან. უწყების ინფორმაციით, მათ არ უშვებენ ბირთვულ ობიექტებზე და არ აძლევენ სამუშაოზე დაკვირვების საშუალებას.

"ისინი ცდილობენ გაწელონ დრო, რათა ურანის გამდიდრების შემდეგ, დასავლეთთან მოლაპარაკებების დროს, პოზიციები გაიძლიერონ და უფრო თანაბარი დიალოგი აწარმოონ",- ამბობს მოლაპარაკებების პროცესში ჩართული დასავლელი დიპლომატი. 

ზოგი ევროპელი დიპლომატის აზრით, ირანი დროის მოგებას ცდილობს, ამ პროცესში კი მეტი რესურსისა და ტექნიკური ცოდნის დაგროვებაზე მუშაობს. მიუხედავად ამისა, დასავლელი დიპლომატების თქმით, მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება იმ წერტილიდან, რასაც მხარეებმა მიმდინარე წლის ივნისში მიაღწიეს. 

მიუხედავად ამისა, ირანის მხრიდან მაქსიმალისტური მიდგომების პირობებში დასავლეთი მზადაა გადახედოს თავის პოზიციას და უფრო მკაცრი მიდგომა არჩიოს. 

მოლაპარაკებების პროცესის განახლებას გამოეხმაურნენ ირანშიც - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისა და დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, სანქციების სრული გაუქმება ვენაში გამართული შეხვედრების მთავარი თემა იქნება. 

ბევრი ექსპერტის აზრით ირანს თავის ბირთვულ პროგრამაში გარღვევამდე რამდენიმე კვირა აშორებს - მათი აზრით ირანს უახლოეს კვირებში შეუძლია ერთი ატომური იარაღისთვის საკმარისი ბირთვული საწვავის შექმნა. მიუხედავად ამისა ამავე ექსპერტების აზრით, ირანს დაახლოებით 2 წელი დაჭირდება, სანამ ამ საწვავს უშუალოდ იარაღად გადააქცევს. 

მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება რუსეთისა და ჩინეთის პოზიცია, რომლებიც ირანის მთავარი ეკონომიკური პარტნიორები არიან და თეირანზე პოლიტიკური გავლენის მოხდენა შეუძლიათ. 

ცნობილია, რომ ძველი შეთანხმების აღდგენის გარდა განიხილება ახალი დროებითი შეთანხმების გაფორმებაც. ერთ-ერთი სცენარით, ვაშინგტონი მზად არის ირანთან დროებითი შეთანხმების გაფორმებაც განიხილოს, თუმცა უცნობია რამდენად კეთილგანწყობილები არიან ირანში ასეთ შეთანხმებასთან მიმართებით. 

რეგიონის ექსპერტების აზრით, ირანში ფიქრობენ, რომ ბირთვული პროგრამის გაგრძელება, ურანის გამდიდრება და ახალი თაობის ცენტრიფუგების წარმოების ზრდა დასავლეთზე დამატებითი წნეხის საშუალებაა, რაც მათ მოლაპარაკებების პროცესში უპირატესობას აძლევს. 

ამის მიუხედავად ირანის უკომპრომისო პოზიციამ შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს - ბევრის აზრით, ირანის ამგვარი მიდგომა, დასავლეთში აღქმული იქნება, რომ ისლამურ რესპუბლიკის ახალ ხელმძღვანელობას არ აქვს შეთანხმების რეალური სურვილი. 

 

ისრაელი 

 

მოლაპარაკებების განახლებას შეუმჩნევლად არ ჩაუვლია ისრაელშიც, სადაც შიშობენ, რომ აშშ მზადაა ირანს ცუდ პირობებზე შეუთანხმდეს.

ისრაელის ლიდერები ამბობენ, რომ ვაშინგტონი ირანთან ჩართულია მოლაპარაკებებში, რომლის მთავარი პრინციპია ნაკლები ნაკლებისთვის.

მათი აზრით, შესაძლებელია თეთრმა სახლმა თეირანთან ისეთი შეთანხმება გააფორმოს, რომელიც სანქციების გარკვეული ნაწილის მოხსნას ითვალისწინებს, რეალურად კი ხელს არ შეუშლის ირანს თავისი ბირთვული პროგრამის განვითარებაში. 

"ასეთი შეთანხმებას დამანგრეველი ეფექტი ექნება, ეს მხოლოდ გააძლიერებს ირანის რეჟიმს და იქნება ძალიან გულუხვი საჩუქარი ირანის ახალი მთავრობისთვის, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთანაა აფილირებული", - ამბობს Wall Street Journal-თან საუბარში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. 

ისრაელი, რომელიც ატომური იარაღით აღჭურვილ ირანს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს, ეწინააღმდეგებოდა 2015 წლის შეთანხმებასაც. ისრაელში ამბობდნენ, რომ შეთანხმებას მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდა და მას არ შეუშლია ხელი ირანისთვის გრძელვადიანი, სტრატეგიული გეგმისთვის შეიარაღდეს ბირთვული არსენალით. 

ამ დროის განმავლობაში ირანში იდუმალ გარემოებებში მოკლეს ქვეყნის რამდენიმე წამყვანი ფიზიკოსი, რომლებიც ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობდნენ. პარალელურად განხორციელდა ფიზიკური და კიბერ თავდასხმები ირანის საიდუმლო ბირთვულ ობიექტებზე. ირანი ამ ქმედებების უკან ისრაელის დაზვერვის ხელს ხედავდა, თუმცა ისრაელში ტრადიციულად არც არაფერს ადასტურებენ და არც უარყოფენ. 

მიუხედავად ამისა, ისრაელის პრემიერმა გასულ კვირებში არაორაზროვნად მიუთითა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისრაელი მზად არის, სამხედრო მოქმედებებისთვის ირანის წინააღმდეგ. ნაფტალი ბენეტის თქმით, ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანი ბირთვული არსენალით შეიარაღდეს და ამ გზით ახლო-აღმოსავლეთის ჰეგემონი გახდეს. 

"ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო თვალებს არ დახუჭავს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, ჩვენ ამას არ ვაპირებთ", - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

არსებული ინფორმაციით, ისრაელში შიშობენ, რომ დროებითი შეთანხმების შემთხვევაში ირანი ახალი რესურსების მობილიზებას შეძლებს და მათ აღარ ექნებათ 12-თვიანი ფორა, რომელიც ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად სჭირდება. 

"ამგვარი შეთანხმება გაამყარებს საზოგადოებრივ რწმენას ირანში და რეგიონის სხვა ქვეყნებში, რომ შანტაჟი ეფექტურია",- ამბობენ ისრაელში.

ამგვარი პოზიციას ისრაელში სულ უფრო ხშირად ავრცელებენ. სხვადასხვა ცნობებით, აშშ-სა და ისრაელს შორის არსებობდა ფორმალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ისრაელი თავს შეიკავებდა მოლაპარაკებების პროცესის საჯარო კრიტიკისგან. 

ისრაელის პოზიციების შესარბილებლად გასულ თვეებში თეთრმა სახლმა დიდი ენერგია დახარჯა, გაიმართა დაზვერვის უმაღლესი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსების ვიზიტები, თუმცა ისრაელის პოზიცია ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით კვლავაც ხისტია. 

"გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენ ნათლად დავინახეთ ირანის გაზრდილი რეგიონული აქტივობა და აგრესია. ამგვარი შეთანხმების შედეგად ფინანსურად მოძლიერებული რეჟიმი კიდევ უფრო სახიფათო იქნება",- ამბობენ ისრაელში. 

ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა, რომ აშშ-სა და ირანს შორის დროებითი ბირთვული შეთანხმების პრეცედენტი უკვე არსებობს. მაგალითად, 2013 წელს აშშ-მა და ირანმა სწორედ ასეთ შეთანხმებას მიაღწიეს - მაშინ თვეში დაახლოებით 700 მილიონი დოლარის ღირებულების სანქციების მოხსნის საპასუხოდ ირანმა შეაჩერა ურანის გამდიდრებისა და ბირთვული საწვავის მარაგის ზრდის პროცესი. 

 

მსგავსი სიახლეები