პესკოვი: დარწმუნებულები ვართ, დასავლეთთან ნორმალიზაციის პერიოდი დადგება
ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რამდენად მზად იყო რუსეთი დასავლეთის ამგვარი რეაქციისთვის, პესკოვმა უპასუხა - "კრემლი მზად იყო მსოფლიოს რეაქციაზე, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მას შემდეგ რაც ისინი გაიაზრებენ ჩვენი მხრიდან ამ ზომების მიღების აუცილებლობას, ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყება".
ამავდროულად პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციებს რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს და როგორც ყოველთვის, სარკისებური პასუხის პრინციპი აქაც დაცული იქნება.
პესკოვმა უპასუხა ჟურნალისტის კიდევ ერთ კითხვას, კვლავ მიიჩნევენ თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად - "ცხადია" - უპასუხა პესკოვმა.
პუტინის პრესსპიკერმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაზეც, რომელშიც ის ამბობდა, რომ მზად არის განიხილოს რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინის ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით.
პესკოვის თქმით, კრემლში ამ განცხადებას ყურადღება მიაქციეს და მას პოზიტიურ სიგნალად მიიჩნევენ, ხოლო პასუხს მას შემდეგ გასცემენ, რაც შექმნილ ვითარებას გააანალიზებენ.