პესკოვი: რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმება" შეწყვიტა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" შეწყდა.
პესკოვს გამოცემა РБК ციტირებს.
"ფაქტობრივად, შეთანხმებებმამ დღეს შეწყვიტა მოქმედება." - აღნიშნა მან.
პესკოვმა შეთანხმების დარღვევის მიზეზად ის დაასახელა, რომ "შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, არ შესრულებულა."
მისი თქმით, როგორც კი შეთანხმებების რუსული ნაწილი შესრულდება, რუსეთი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება შეთანხმების შესრულებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ორშაბათს რუსეთმა ოფიციალურად აცნობა თურქეთსა და უკრაინას, ასევე გაეროს სამდივნოს, რომ აგრესორი სახელმწიფო "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელებას არ გეგმავს.
ბოლო დროს, გაეროსა და თურქეთის მოწოდების მიუხედავად, რუსეთი რეგულარულად იმუქრებოდა, რომ შეთანხმებას არ განაახლებდა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ ის და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ერთ აზრზე არიან "მარცვლეულის შეთანხმებას" გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
კრემლმა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებები უარყო.